14-პუნქტიანი შეთანხმება

დავით ბაქრაძე: თვალი დავხუჭოთ, რომ ეს ოკუპაციაა?

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ 14–პუნქტიან შეთანხმების პროეტზე ისაუბრა და მის გარკვეულ დებულებებს "საშიში" უწოდა.  
ბაქრაძემ ყურადღება შეთანხმების პროექტის მე-9 მუხლზე გაამახვილა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. 
"აგაშენათ ღმერთმა, ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ რა დგას რეალურად ამის უკან? რატომაა საქართველო პრობლემა? იმიტომ, რომ ობიექტური პრობლემა არსებობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ მოდით აღარ ვიქნებით პრობლემა, რას ნიშნავს ეს? რომ თვალი დავხუჭოთ, რომ ეს ოკუპაციაა? მაგალითად, ერთ თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რომ გავემგზავრები, იქ ვუთხრა ჩემს ევროპელ მეგობრებს, რომ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ მე აღარ მინდა ვიყო პრობლემა და თქვენ ნუღარ მიიღებთ რეზოლუციას, ნუღარ გააკრიტიკებთ რუსეთს და მას ნუღარ მოუშლით ნერვებს საქართველოს გამო?! ეს არის ჩვენი პოზიცია?! ეს მუხლი ძალიან წინააღმდეგობრივი და, მე ვიტყოდი, საშიშია", - აღნიშნა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით, დოკუმენტის კიდევ ერთი დებულებაა საშიში, კერძოდ მე-7 მუხლი. მასში ნათქვამია, რომ საქართველო არ უნდა ესწრაფვოდეს, იყოს სტრატეგიული მოთამაშე. 
"დღეს გამოვაცხადოთ, რომ არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გაქვს და მოდით, ნუ მოგვაქცევთ ყურადღებას?", -  რიტორიკული კითხვა დასვა დეპუტატმა. 
დავით ბაქრაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეთანხმების პროექტში არ ჩანს, რომ საქართველო პოსტაბჭოთა გაერთიანებების წევრი არასოდეს გახდება. მისი თქმით, სწორედ ესაა ამჟამად დღის წესრიგში არსებული პრობლემა. 

კომენტარები