აღმოსავლეთ აზია

აღმოსავლეთ აზიის პოლიტიკური დინასტიები

ლი სიანლუნი

კიმ ჩენ ინი
„ზეცისგან გამოგზავნილი” მმართველი კიმ ჩენ ირი პექტუს წმინდა მთის მწვერვალზე მაშინ დაიბადა, როცა მამამისი იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდა. კორეის ნათელი მომავლის შემოქმედის, „პიქტუს მთის კაშკაშა ვარსკვლავის” გარდაცვალებისას კი, მწვერვალები წითლად შეიფერა და არემარე მისტიკური ვულკანის ხმამ გააყრუა.

გჯერათ თუ არა ამ ისტორიის, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა, საეჭვოა, იმავე არჩევანის საშუალება გქონოდათ, ჩრდილოეთ კორეაში რომ დაბადებულიყავით. „კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო” ავტორიტარული სახელმწიფოს ოფიციალური პროპაგანდისტული ორგანოა, რომელიც „მარადიული პრეზიდენტის” კიმ ირ სენისა და მისი შთამომავლების მიერ დამკვიდრებულ იდეოლოგიას 1948 წლიდან – კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების დღიდან, აქტიურად ნერგავს მოსახლეობის ფართო მასებში.

სი ძინპინი
იგივე სააგენტო ასევე წარმატებით ითავსებს კიმის საგვარეულოს შესახებ მისტიკური ისტორიების შეთხზვას და ამ გზით მათი დინასტიური ტიპის მმართველობის ლეგიტიმაციას. უკვე ერთი წელია, აღმოსავლეთ აზიის ბირთვულ სახელმწიფოს პირველი ლიდერის შვილიშვილი, კიმ ჩენ ინი მართავს. ოფიციალურმა წყაროებმაც არ დააყოვნეს და ახალგაზრდა მმართველს უკვე უწოდეს „დიდებული მემკვიდრე”.

სახალხო რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია „დემოკრატიის ინდექსის” კვლევაში უკანასკნელ პოზიციებს იკავებს, თუმცა ნომინალურად საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი სახალხო საბჭოს არჩევნებს მაინც ყოველ 5 წელიწადში მართავს.

ჩრდილოელი მეზობლისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა მრავალპარტიული დემოკრატიაა, ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს წამყვან ოცეულშია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მეშვეობით არაერთ განვითარებად სახელმწიფოს ეხმარება. მიუხედავად ამისა, როგორც დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო,

ინგლუკ შინავათრა
გავლენიანი პოლიტიკური ოჯახის წევრობა წარმატების შანსებს აქაც ზრდის.

სამხრეთკორეელი ამომრჩევლის 51.6%-მა მხარი ყოფილი პრეზიდენტის, პაკ ჩონ ჰის 60 წლის ქალიშვილს, კონსერვატორ პაკ კინ ჰეს დაუჭირა და ქვეყნის ისტორიაში პირველად, სახელმწიფოს მეთაურად ქალი აირჩია.

ახლადარჩეული პრეზიდენტის მამა, პაკ ჩონ ჰი, წინააღმდეგობრივი მემკვიდრეობით გამოირჩევა. ახალი თაობის კორეელები მას მოძალადე დიქტატორად, შედარებით ხანშიშესულები კი – თანამედროვე, მაღალგანვითარებული ეკონომიკის მამად მიიჩნევენ.

ასეა თუ ისე, პოლიტიკური კომენტატორების უმრავლესობა თვლის, რომ პაკ კინ ჰეს ლურჯ სასახლეში დაბრუნებას მამამისის „ეკონომიკური სასწაულის” ნოსტალგიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

საგულისხმოა, რომ სულ რამდენიმე დღით ადრე, იაპონიის პრემიერმინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრის ვაჟი და ყოფილი პრემიერის, ნობუსუკე კიშის შვილიშვილი, ლიბერალ-დემოკრატი შინძო აბე აირჩიეს. თავად აბეს ამომავალი მზის ქვეყნის

ლი სიანლუნი
პრემიერის სავარძელი 2006-2007 წლებშიც ეკავა.

ნოემბრიდან მოყოლებული, ახალი უმაღლესი ლიდერი ჰყავს ჩინეთსაც. სახალხო რესპუბლიკის კომპარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ჰუ ძინტაომ პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებით ქვეყნის პრეზიდენტის ცერემონიულ პოსტზე გადაინაცვლა და ადგილი სი ძინპინს, ჩინეთის ერთ-ერთი პირველი უმაღლესი ლიდერის, სი ჟონსუნის ვაჟს დაუთმო. ძინპინი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ვიცეპრეზიდენტიცაა, ჟურნალმა Forbe’s 2012 წელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულში შეიყვანა.

პირველი პრემიერმინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს შთამომავლები დომინირებენ ინდოეთშიც. დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი, მულტიეთნიკურ ფედერაციას 1947 წლიდან მართავდა, სანამ 1964-ში მოვალეობის შესრულებისას არ გარდაიცვალა. მოგვიანებით პრემიერმინისტრის სავარძელი ნერუს ქალიშვილმა, ინდირა განდიმ და შვილიშვილმა, რაჯივ განდიმაც მოირგეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, ნერუს ოჯახის წევრები ინდოეთის კონგრესში დღემდე

პაკ კინ ჰე
გავლენიან პოზიციებს ინარჩუნებენ.

სინგაპურის პოლიტიკური ელიტა ლი ქუან იუს ირგვლივ ერთიანდება. თანამედროვე აზიური ვეფხვის დამფუძნებელი მამა სინგაპურის მალაიზიისგან გამოყოფას ხელმძღვანელობდა და ქვეყანას 3 ათწლეულის განმავლობაში მართავდა. სწორედ მისი გააზრებული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ბრიტანეთის ყოფილი კოლონია დღეს მსოფლიოს უდიდესი პორტებისა და უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრების ხუთეულშია.

აზიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი დღემდე საკუთარი ქვეყნის სამსახურშია, ამჯერად, საპატიო მინისტრ-მენტორის პოზიციიდან. მისი უფროსი ვაჟი ლი სიანლუნი კი სინგაპურის სახალხო მოქმედების პარტიის ლიდერი და მოქმედი პრემიერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან, სახალხო მოქმედების პარტია არცერთ არჩევნებში არ

რაჯივ განდი
დამარცხებულა.

ბანგლადეშის უკანასკნელ არჩევნებზე პრემიერმინისტრის პოზიციისთვის სახელმწიფოს პირველი მეთაურის ქალიშვილი და მეშვიდე პრეზიდენტის ქვრივი იბრძოდნენ. მალაიზიის პრემიერი მამის კვალს გაჰყვა, პაკისტანს კი ყოფილი ლიდერის ქვრივი მართავს. ტაილანდის მთავრობის ყოფილი მეთაური თაქშინ შინავათრა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო გასამართლებას გაერიდა და მონტენეგროს მოქალაქეობა მიიღო, დღეს კი სამხრეთაზიური მონარქიის პრემიერმინისტრია მისი და – ინგლუკ შინავათრა.

შინძო აბე
აზიურ რესპუბლიკებში დინასტიურობის პოპულარობას, წარმომავლობის მკვლევარი რობინ ფოქსი, აღმოსავლურ საზოგადოებებში „დასავლეთის მსგავსი ინდივიდუალური რევოლუციის არარსებობით” ხსნის. პროფესორ ფოქსს საინტერესო თეორიის ავტორობას ვერ დავუკარგავთ, თუმცა მისი მოსაზრება დინასტიურობისადმი მიდრეკილების სრულყოფილი დასაბუთებისგან მაინც შორს დგას.

დაკვირვებულ მკითხველს ახსენდება საბერძნეთში – პაპანდრეუსა და ვენისელოსის, ბელგიაში – ვან რომპეის, ლატვიაში – ულმანისის, ისრაელში – ვაისმანის, აშშ-ში – ბუშის, კლინტონის, კენედის და სხვა მრავალი გავლენიანი გვარის ისტორია. ეს ნათელი მაგალითია, რომ დინასტიურობა 21-ე საუკუნეშიც უნივერსალური მოვლენაა და კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი პოლიტიკური არჩევანის ქვეცნობიერი მეგზური.

 

კომენტარები