კრედიტი

'კრედიტების გამო გამოსახლებები არ მოხდება', ხელმისაწვდომობა კი კრედიტზე ქართულ ოცნებად გადაიქცევა

დეკემბერში მთავრობის წარმომადგენლებმა ძალზე შემაშფოთებელი ინიციატივები გააჟღერეს – დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ „კრედიტების გამო გამოსახლებები არ მოხდება”. საქმე ეხება იპოთეკურ კრედიტებს, რომლებსაც ბანკები გასცემენ ფიზიკურ პირზე უძრავი ქონების გირაოს საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ვერ მოახერხებს კრედიტის დაფარვას, ბანკის საკუთრებაში გადავა ამ პირის უძრავი ქონება. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში, კრედიტის ამღების უძრავ ქონებას წარმოადგენს მისი სახლი, ხოლო ვალდებულების არდაფარვის შემთხვევაში, მან შეიძლება დაკარგოს ბინა და აღმოჩნდეს ქუჩაში. ასეთი შემთხვევები საქართვლოში ხშირია.

როგორც ჩანს, მთავრობის ინიციატივის მიზანი არის ის, რომ დაიცვას ამ ტიპის ადამიანები შესაძლო გამოსახლებისგან და მოსალოდნელია, რომ ამ ინიციატივას ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს, რადგან ეს პოპულარული გადაწყვეტილებაა. ბევრი ექსპერტი იმის მტკიცებასაც კი შეეცდება, რომ მთავრობა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს. ოპონენტები ჩემ მიმართ არ დაიშურებენ კრიტიკულ ეპითეტებს, რადგან ვეწინააღმდეგები ასეთ „კეთილშობილურ” ინიციატივას, ხოლო მთავრობის რეიტინგი საზოგადოებაში კიდევ უფრო განმტკიცდება. თუმცა ამ ერთი მხრივ „კეთილშობილურმა” განზრახვამ შესაძლოა ისე დაამახინჯოს ეკონომიკური სისტემა, რომ სწორედ გამოსახლების შედეგად მიყენებული ზიანი გადააქციოს ქართულ ოცნებად. სტატიის მიზანია, მკითხველმა გააანალიზოს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები სახიფათოა და ხელს უშლის ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ნებისმიერი ორგანიზმი შედგება უამრავი სხვადასხვა ელემენტისგან და თითოეულს თავისი შინაარსი აქვს. ელემენტები ერთმანეთთან ჯგუფდება გარკვეული ლოგიკით და ქმნის სისტემას, რომელმაც უნდა შეასრულოს გარკვეული ფუნქცია. ორგანიზმი იმართება ბევრი სისტემის ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედების შედეგად. თუ სისტემიდან რომელიმე ელემენტს ამოვაგდებთ, ან შინაარსს შევუცვლით, არამყისიერად, მაგრამ დროთა განმავლობაში, სისტემის ფუნქციონირების მექანიზმი აუცილებლად დაირღვევა. შედეგად, იმავე ხარისხით ვეღარ მოხერხდება სხვადასხვა სისტემების შეთანხმებული თანაარსებობა და, საბოლოოდ, ორგანიზმი გამოვა მწყობრიდან, რაც გამოიხატება გარკვეული დეფექტის გამოვლინებაში. დეფექტი თანდათანობით უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და შექმნის კრიზისს.

ხშირ შემთხვევაში, კრიზისიდან გამოსავალი არის ქირურგიული ჩარევა, რაც, როგორც წესი, მტკივნეულია და გარკვეულ დანაკარგს უკავშირდება. ასეა ეკონომიკაც. ის ცოცხალი ორგანიზმია და უამრავი სისტემისა და ელემენტისგან შედგება. როგორც წესი, ჩვენ ვერ ვგრძნობთ პრობლემას და ვერ ვაცნობიერებთ ზიანის მასშტაბებს მანამ, სანამ არ შევეჩეხებით კრიზისს, ხოლო კრიზისის პერიოდში ვეძებთ განტევების ვაცს და არა იმ მიზეზს, რის გამოც სისტემის ელემენტს შინაარსი შეეცვალა.

ადრე ამერიკის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა მისი თანამემამულე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბინით. შედეგად, სახელმწიფო გარანტიით ბანკებიდან დაიწყო დაბალპროცენტიანი კრედიტების მასშტაბური გაცემა. რამდენიმე წლის შემდეგ სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და შეიქმნა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ეს ყველაფერი კი დაბრალდა ბანკებს, თავისუფალ ბაზარს და არა აშშ-ის პრეზიდენტს.

იმავე პერიოდში ევროკავშირის მთავრობებმა იმდენი ვალდებულებები იტვირთეს საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, რომ ევროპის ბანკებიდან დიდი რაოდენობით ფულის სესხება მოუწიათ. რამდენიმე წლის შემდეგ სისტემა აქაც მწყობრიდან გამოვიდა და შეიქმნა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ყველაფერი კვლავ დაბრალდა თავისუფალ ბაზარს და ბანკებს, რომელთა „დაურეგულირებელმა” ქცევამაც თითქოსდა განაპირობა ეს კრიზისი. შედეგი კი გახლდათ უმუშევრობა, ინფლაცია და ცხოვრების დონის შემცირება. ეს ყველაფერი შეიძლება დაიწყოს ერთი მცირე განცხადებით ან თუნდაც „კეთილშობილური” და პოპულარული ინიციატივით, რომელიც, პირველ ეტაპზე, უმტკივნეულო ჩანს და არა ზიანის მომტანი.

საკრედიტო ბაზარი არის ეკონომიკის შემადგენელი ერთ-ერთი „არტერიული” სისტემა, რომელიც შედგება ბევრი ქვესისტემისგან და უამრავი ელემენტისგან. სისტემას მართავს ორი ცვლადი: კრედიტის ფასი და რაოდენობა. ფასის წარმოქმნა ხდება კრედიტზე მოთხოვნის და მიწოდების შედეგად. მოთხოვნას ქმნიან ის ადამიანები ან/და ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ დღეს დახარჯონ უფრო მეტი, ვიდრე შემოსავალი აძლევთ ამის საშუალებას, იმ იმედით, რომ მომავალში, გაზრდილი შემოსავლით დაფარავენ დღევანდელ ხარჯებს.

მიწოდებას ქმნიან ადამიანები ან/და ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ გააკეთონ დანაზოგი, რადგან მათი დღევანდელი ხარჯები არის უფრო მცირე, ვიდრე შემოსავალი. დანაზოგის გაკეთებაში იგულისხმება მისი დროებით გასხვისება გარკვეულ საფასურად. სწორედ ეს არის კრედიტის ფასი, რომელსაც ეკონომიკის ენით, საპროცენტო განაკვეთი ეწოდება. ფასის სიდიდე დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ადამიანების და ორგანიზაციების რაოდენობაზე და მზადყოფნაზე, დათმონ მომავალი შემოსავლის ნაწილი, რადგან მათი პროგნოზით შემოსავალი იზრდება, ხოლო მეორე მხრივ, ასევე ადამიანების და ორგანიზაციების რაოდენობაზე, რომლებიც ქმნიან მიწოდებას. როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს ადამიანები ეწევიან რისკს, რადგან აკეთებენ მომავლის პროგნოზს. აქედან გამომდინარე, რისკის კომპენსაციისთვის, სესხის ამღებს უწევს ისეთი რამის დათმობა, რაც მისთვის მეტად ფასეულია.

ხშირ შემთხვევაში, ეს ფასეულობა არის უძრავი ქონება, უმეტესად ბინა, სადაც სესხის ამღები ცხოვრობს. რაც უფრო ბევრია მიწოდება, მით უფრო დიდია მიწოდების რაოდენობა და მცირეა საპროცენტო განაკვეთი. მიწოდება რომ გაიზარდოს, დანაზოგები უნდა გაიზარდოს, ხოლო დანაზოგები გაიზრდება, თუ შემოსავლები მოიმატებს. შემოსავლები კი იმ შემთხვევაში მოიმატებს, თუ ადამიანები გაწევენ რისკს და დღეს უფრო მეტს დახარჯავენ რაღაცის შექმნაში, რაც მომავალში მათ მოგებას მოუტანს და შემოსავლებს გაზრდის, ე.ი. მოთხოვნა კრედიტზე უნდა გაიზარდოს. ხოლო მოთხოვნა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მოგებიანი პროექტების რიცხვი მოიმატებს.

ეს არის მექანიზმი, რომელზეც დგას საკრედიტო ბაზარი, როგორც ეკონომიკის შემადგენელი ერთ-ერთი სისტემა. სისტემის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს ადამიანების ყოფის თანდათანობით გაუმჯობესებას. რამდენად სწრაფი იქნება შემოსავლების ზრდა დროის ერთეულში, მთლიანად დამოკიდებულია საზოგადოების უნარზე, შექმნას პროდუქტი და მომსახურება, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის მიმზიდველი გახდება. უძრავი ქონების გირაო არის ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების ისეთი წარმოქმნა, როგორც ეს ჩვენს მსჯელობაშია ნაჩვენები.

ის, რომ სესხის ამღები მზად არის გამოიტანოს კრედიტი იმის სანაცვლოდ, რომ თუ მომავალში ვერ დაფარავს ვალდებულებებს, მოუწევს უძრავი ქონების დათმობა, ნიშნავს იმას, რომ სესხის ამღები, მაღალი ალბათობით, აკეთებს ზუსტ პროგნოზს მომავალი შემოსავლების შესახებ. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს რეალურ მოთხოვნას საკრედიტო ბაზარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სესხს იმ შემთხვევაში გამოვიტანთ, თუ თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში ჩვენი შემოსავალი გაიზრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ იმას, რაც ჩვენთვის ფასეულია და ეს ჩვენს ყოფას საგრძნობლად გააუარესებს. შესაბამისად, სესხს ვიღებთ მაშინ, თუ გვიღირს ამ ფასად სესხის აღება.

ბუნებრივია, სესხის ამღებთა შორის გამოჩნდებიან ისინიც, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასებს რისკს, თუმცა, მათი რიცხვი მცირე იქნება. ამდენად, უძრავი ქონების გირაო არის მოთხოვნის, როგორც საკრედიტო ბაზრის ერთ-ერთი კომპონენტის მნიშვნელოვანი შემადგენელი. ერთი მხრივ, იგი ასრულებს ერთგვარი ფილტრის ფუნქციას. მოთხოვნიდან ხდება იმ ადამიანების გამოხშირვა, რომლებიც არ არიან დარწმუნებულები, რომ მათი შემოსავლები მომავალში გაიზრდება და ამდენად, ეშინიათ უკვე მიღწეულის დაკარგვის, ხოლო მეორე მხრივ, იგი ახარისხებს მოთხოვნის შემქმნელებს კატეგორიების მიხედვით, რის საფუძველზეც, სესხით, პირველ რიგში, კმაყოფილდება ის, ვინც მზად არის უფრო მაღალი ხარისხის მსხვერპლი (უძრავი ქონება, რომელიც დანარჩენებთან შედარებით ძვირი ღირს) გაიღოს სანაცვლოდ.

ლოგიკურია, რომ ვინც უფრო მაღალ საფასურს იხდის, მეტად უღირს კრედიტის გამოტანა და ამდენად, უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირებს მომავალში შემოსავლების გაზრდას. უძრავი ქონების გირაო ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიწოდების წარმოქმნაშიც. ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი დანაზოგი დააბანდონ მოგებიან პროექტებში და ანდონ სხვას, ასევე ეწევიან რისკს. რისკის სიდიდეს განსაზღვრავს დანაზოგის რაოდენობა. რაც უფრო დიდია დანაზოგი, მით უფრო მაღალია რისკი. უძრავი ქონების გირაო აქ რისკის კომპენსაციის როლს ასრულებს. ფაქტობრივად, გირაო არის გარანტია, რომ დაზოგილი თანხის არცერთი თეთრი გამოუყენებელი არ დარჩება და დანაზოგები მთლიანად გარდაიქმნება ინვესტიციებად.

რაც უფრო გარანტირებულია მიმწოდებელი, მით უფრო დაბალ ფასად უღირს მას სესხის გაცემა. ამდენად, გირაო ხელს უწყობს პროცესს, რომლის საფუძველზეც საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე მცირდება, რადგან როდესაც კრედიტორი ხედავს, რომ რისკები მინიმალურია, გამოთქვამს მზადყოფნას, გაასესხოს რაც შეიძლება მეტი დანაზოგი, შედარებით დაბალ პროცენტში. მაშასადამე, უძრავი ქონების გირაო არის საკრედიტო ბაზრის, როგორც ეკონომიკის არტერიული სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც აქვს შინაარსი და ფუნქცია. სხვა ელემენტებთან ლოგიკურ ერთიანობაში, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპონენტების (მოთხოვნა და მიწოდება) შექმნის საკითხში, რამაც უნდა განაპირობოს წონასწორობის ფასის – საპროცენტო განაკვეთის წარმოქმნა, რაც, თავის მხრივ, დაარეგულირებს მოთხოვნის და მიწოდების რაოდენობას. შედეგად, სესხს თამამად გასცემს ყველა ის მსურველი, რომელმაც მოახერხა დანაზოგის შექმნა, ხოლო სესხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ის, ვინც მზად არის, რომ უფრო მაღალი მსხვერპლი გაიღოს სანაცვლოდ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ვერ წინასწარმეტყველებენ მომავალში შემოსავლების ზრდას, დატოვებენ საკრედიტო ბაზარს.

სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით ვითარდება საკრედიტო ბაზარი, ხოლო განვითარების დონე დამოკიდებულია ბაზარზე მონაწილე ადამიანების გამჭრიახობაზე, თუ რამდენად მოგებიან პროექტებში განხორციელდება დანაზოგების ინვესტიციებად გარდაქმნა. მოგებიანი პროექტი კი უზრუნველყოფს ბაზრის გარეთ დარჩენილი ადამიანების დასაქმებასაც, რაც მათ შეუქმნის მომავალში საკრედიტო ბაზარზე შეღწევის სურვილს და მოტივაციას. როდესაც ვითარდება საკრედიტო ბაზარი, იზრდება ეკონომიკაც და ადამიანების საარსებო პირობები უმჯობესდება.

რა მოხდება საკრედიტო ბაზარზე, თუ კრედიტის ამღებს აღარ ექნება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვის შიში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში? თავდაპირველად აღარ გაუარესდება იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც გამოიყენეს სესხი, მაგრამ ვერ გადაიხადეს პროცენტი. ბუნებრივია, ბანკების ხარჯზე, რომელთაც იზარალეს, რადგან გასცეს სესხი და უკან ვეღარ დაიბრუნეს. ბანკებისთვის მიყენებული ზარალი ნაკლებად მტკივნეული იქნება, რადგან ზარალის სიდიდე მათი მოგების უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს. სამაგიეროდ, დიდი სიხარულის განცდა ექნებათ მათ, ვინც ქონება არ დაკარგა, რადგან დასაკარგი ქონების ღირებულება ბევრად აღემატება მათ შემოსავალს. რაოდენობრივადაც ისინი, ვისაც ქონება გადაურჩა, არიან ბევრნი, ხოლო ვინც იზარალა – ცოტანი. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შედეგად, სიხარულის განცდა დაძლევს ზარალით გამოწვეული წუხილის განცდას და საზოგადოების უმრავლესობა იფიქრებს, რომ მთავრობა ზრუნავს ხალხზე, რადგან მან მათთვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგა.

თუმცა სიტუაცია თანდათანობით შეიცვლება. როდესაც ადამიანები გააცნობიერებენ, რომ სესხის აღება არ მოითხოვს მსხვერპლის გაღებას, კრედიტის მიღების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს, რაც ბაზარზე გაზრდის მოთხოვნას. თუმცა, ამ მოთხოვნაში შეუძლებელი გახდება იმის გარჩევა, თუ ვინ ახერხებს მომავალი შემოსავლების შესახებ ზუსტი პროგნოზების გაკეთებას. ამდენად, იმის ალბათობა, რომ კრედიტს მიიღებს ის, ვინც ახერხებს ამ კრედიტით მოგებიანი პროექტების შექმნას, მცირდება, ხოლო იმის ალბათობა, რომ კრედიტს მიიღებს ის, ვინც არ იცის კრედიტის გამოყენება და ვინც უბრალოდ „გაანიავებს” მას, იზრდება. ჯამში, მოთხოვნის გაზრდა ხელოვნურად შექმნის ბუმს, რომელიც დაახლოებით ჰგავს სიტუაციას, როდესაც სახელმწიფო ინტერვენციის გზით ამცირებს ხოლმე საპროცენტო განაკვეთს ბაზარზე.

ხელოვნურად შექმნილი ბუმი ქმნის მოჩვენებითობას, თითქოს ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. თუმცა, თუ ერთ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის შემცირების შედეგად არაფერი იცვლება (არ უმჯობესდება, თუმცა შეიძლება გაუარესდეს კიდეც), მეორე შემთხვევაში, კრედიტს ძირითადად მიიღებენ ისინი, ვინც პოტენციური „გამნიავებლები” არიან (საგრძნობლად უარესდება). გაზრდილი მოთხოვნა გაზრდის საპროცენტო განაკვეთის ფასს. რაც შეეხება მიწოდებას, კრედიტის გამცემთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება შემდეგი გარემოებების გამო:

 

• პირველ რიგში, დანაზოგის მესაკუთრეს ექმნება განცდა, რომ მის მიერ წლების განმავლობაში შრომის ფასად მოპოვებული დანაზოგი შეიძლება დაიკარგოს, რადგან ბანკები განიცდიან ზარალს კრედიტების გაცემის შედეგად. ამდენად, ნდობა ბანკების მიმართ შესუსტდება;

• მიუხედავად იმისა, რომ საბანკო ბიზნესი ორიენტირებულია გაცემული კრედიტებიდან სარგებლის მიღებაზე, ბანკები შეეცდებიან ნაკლები რაოდენობის კრედიტების გაცემას, რადგან აქტივების დაკარგვის ალბათობა იზრდება, ხოლო სანაცვლოდ, ისინი ვეღარ ახერხებენ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას. შესაბამისად, კრედიტის გაცემის რისკი მკვეთრად იზრდება.

მიწოდების შემცირება ბაზარზე გამოიწვევს წონასწორობის ფასის, ანუ საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდას და წონასწორობის რაოდენობის შემცირებას. შედეგად, ბაზარზე შეიქმნება სიტუაცია, სადაც საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალია, რომ იმ მეწარმეებს, რომლებსაც შეუძლიათ რისკების გაზომვა, აღარ უღირთ კრედიტის გაზრდილ ფასად აღება. ამდენად, მოთხოვნას ბაზარზე ძირითადად შექმნიან „უპასუხისმგებლო” ადამიანები, რომლებიც გაურკვეველი მომავლის პირობებში გამოთქვამენ მზადყოფნას, დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი იძლევა ამის საშუალებას. გამოვლინდება ე.წ. დეფექტი, რომელიც დროთა განმავლობაში მიიღებს სისტემურ ხასიათს და გადაიზრდება კრიზისში, რომლის შედეგიც იქნება ის, რომ საზოგადოება დახარჯავს უფრო მეტს, ვიდრე შექმნის. ეს სიტუაცია კი შეამცირებს საზოგადოების ყველა წევრის ცხოვრების დონეს. როდესაც კრიზისი შესამჩნევი გახდება, ყველაფერი „დაურეგულირებულ” ბანკებს დაბრალდება.

ამრიგად, ბატონო მთავრობის წევრებო, მანამ, სანამ რამეს საჯაროდ განაცხადებთ, ან ქმედებას დაიწყებთ, კარგად გააანალიზეთ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. ასევე, დაფიქრდით იმაზე, რომ „კარგის” გაკეთების სურვილი არ ნიშნავს, რომ ამას შედეგიც „კარგი” მოჰყვება. ჯორჯ ბუშ უმცროსს „კარგის გაკეთება” უნდოდა საკუთარი თანამოქალაქეებისათვის, მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისი გამოიწვია.

 

კომენტარები