ბიუჯეტი

2013 წლის ბიუჯეტი და ეკონომიკური ზრდა

წლის ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა. ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური მიმართულებით დაფინანსება, თუმცა ნათლად არ ჩანს, რის ხარჯზე მოხდება მომატებული ვალდებულებების დაფარვა.

2013 წელს მთავრობის ვალდებულებების ზრდა ძირითადი საბიუჯეტო უწყებების მიმართ 700 მილიონ ლარს აჭარბებს. სხვა უწყებებისთვის დაფინანსების შემცირების ხარჯზე კი დაახლოებით 500 მილიონი ლარის დაზოგვაა შესაძლებელი.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტი იმიტომ გაიზარდა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესდა. 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკა, ადრე ნავარაუდევი 5.5%-ის მაგივრად, 7%-ით გაიზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2010-2011 წლებში მშპ-ის რეალური ზრდა საშუალოდ 6.75% იყო.

2013 წელს საქართველოსთვის 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ისე მსოფლიო ბანკი. ოთხშაბათს, 16 იანვარს, ამ უკანასკნელის ახალმა პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მიხედვით, 2013 წელი კიდევ ერთი გამოწვევის წელი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ამასთან, განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა გაუძლონ თავიანთი ეკონომიკის სტიმულირების ცდუნებას და ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფუნდამენტური პრობლემები გამოასწორონ. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, დაბალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2015 წლამდე გასტანს. მდიდარ განვითარებად ქვეყნებში ამ პერიოდში ეკონომიკა 1.3%-ით, ხოლო ღარიბ განვითარებად ქვეყნებში – 5.5%-ით გაიზრდება.

2013 წლის ბიუჯეტზე საქართველოს მთავრობა ხშირად ამბობს, რომ ეს არის ღარიბი ადამიანებისკენ მიმართული ბიუჯეტი. თუმცა, თუ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული დონე ვერ მიიღწევა, მხოლოდ შემოსავლების ხელოვნური რედისტრიბუცია ამ ამოცანის გადასაჭრელად საკმარისი არ იქნება.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თუ არ გაამართლებს, მთავრობას მხოლოდ ორი გზა დარჩება – აიღოს ვალი, ან გაზარდოს გადასახადები.

იმისთვის, რომ საქართველომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ ნიშნულს მიაღწიოს, ქვეყანაში, სულ მცირე, იმდენი ინვესტიცია მაინც უნდა შემოდიოდეს, რამდენიც ბოლო წლებში შემოდიოდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ ბიუროს (საქსტატი) 2012 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ აქვს, თუმცა სამი კვარტლის წინასწარი მონაცემები ნათლად აჩვენებს ტენდენციას, რომ ბოლო ორ წელთან შედარებით, 2012-ში ინვესტიციების რაოდენობა შემცირებულია. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, დაფინანსება უმცირდებათ ისეთ უწყებებს, როგორებიცაა შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროები, ასევე საინვესტიციო სააგენტოს.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ჯამში დაახლოებით 32 მილიონი ლარი მოაკლდებათ. ენერგეტიკა 171.6 მილიონი ლარით ნაკლებით დაფინანსდება, ეკონომიკის სამინისტრო 51 მილიონით, ხოლო საინვესტიციო სააგენტო 26 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს.

იმ უწყებების უმეტესობა, რომელთაც დაფინანსება უმცირდებათ, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, მოსახლეობის დასაქმებასა და უსაფრთხო გარემოზეა პასუხისმგებელი.

ხარჯები ყველაზე მეტად ჯანდაცვისა და სოციალური, განათლების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით იზრდება. წინა წელთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან 545 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება, შარშანდელთან შედარებით, 53 მილიონი ლარით – 380 მილიონამდე გაიზრდება. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ბიუჯეტიდან, წინა წელთან შედარებით 9 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს და დაფინანსება 449 მილიონამდე გაეზრდება.

კომენტარები