საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ფიოდორ ლუკიანოვი: საქართველოში აცნობიერებენ, რომ NATO-ში გაწევრიანების შანსები არ აქვთ

რუსმა პოლიტოლოგმა, Россия в глобальной политике-ს მთავარმა რედაქტორმა ფიოდორ ლუკიანოვმა თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში შექმნილ სიტუაციას აფასებს.

იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსულ რუს ექსპერტებს საპროტესტო აქციით დახვდნენ, რაც მას „ცივ ომს აგონებს“. თუმცა, მისი შეფასებით, საერთო ატმოსფერო განსხვავებულია, სიტუაცია ქვეყანაში შეიცვალა და მმართველი კოალიცია ქართული ოცნების მხრიდან რუსეთთან დაახლოების სურვილი აშკარად იგრძნობა.

ლუკიანოვის აზრით, ლოდინის პერიოდი რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც დასრულა და მოსკოვი მზადაა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის.

თუმცა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს გარკვეული „წითელი ხაზები“ აქვთ, რომელთა გადაკვეთას რუსეთთან მოლაპარაკებებისას ვერ შეძლებენ. კერძოდ, წარმოუდგენელია, საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

ამავე დროს, მისი თქმით, „თბილისში საღად მოაზროვნე ჩემს თანამოსაუბრეთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ საქართველოს არ აქვს რეალური შანსები NATO -ში ან ევროკავშირში გაწევრიანდეს“. მაგრამ, ამ იდეის გარეშე ქვეყანა „ჰაერში გამოკიდებული დარჩება“ და რუსეთი მას ვერანაირ იდეას ვერ სთავაზობს.

მაგრამ, ლუკიანოვის აზრით, მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობის წინაშე არ დგას.

„რატომ უნდა ვეცადოთ, საქართველოსთან ურთიერთობა მისაღებ დონეზე დავაბრუნოთ? NATO რეალურად აქტუალური აღარ არის. საეჭვოა, მტრული პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ხელსუფლების დღის წესრიგში დარჩეს. ყოფილ ავტონომიებს თბილისი ვერ აკონტროლებს. მჭიდრო კავშირის პერსპექტივები არ ჩანს. ინტერესები, რომლებიც დიდ ძალისხმევას გაამართლებდა, არ არსებობს“, - განმარტავს ლუკიანოვი.

თუმცა, მისი თქმით, საქართველო რუსეთისთვის იმის გამოა ფასეული, რომ მასთან „კულტურულად და ისტორიულად ძალიან ახლოსაა“.

 

კომენტარები