პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ალასანია პრეზიდენტის ეტალონს ვერ ერგება

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი შერატონ მეტეხი პალასში ჟურნალისტებთან შეხვედრას მართავს. პრემიერმა თავდაცვის მინისტრსა და ყოფილ ვიცეპრემიერზე, ირაკლი ალასანიაზეც ისაუბრა. 
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად ხილვა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციაში ამაზე არ უმსჯელიათ, თუმცა ირაკლი ალასანია პრეზიდენტის ''ეტალონს ვერ ერგება''. 
''კოალიციაში ჩვენ ამის განხილვა არ დაგვიწყია, შესაბამისად, მე პასუხი არ მაქვს. ჩემი აზრით და პირადი გადმოსახედიდან, ალასანია ამ ეტალონს ვერ ერგება, მაგრამ მე მარტო არ გადავწყვეტ, გარწმუნებთ. კოალიციაში როცა მსჯელობა დაიწყება, გადაწყვეტს უმრავლესობა და თუ არ მოეწონება ეს აზრი ალასანიას ან სხვა ვინმეს, მათ ექნებათ უფლება, გამოვიდნენ და კენჭი იყარონ'', - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
პრემიერის თქმით, ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ოღონდ გარკვეული ფორმების დაცვით. 
''თქვენ არ იცნობთ ჩემი მმართველობის ფორმას, მე ვარ ბუნებით დემოკრატი. ყველა საქართველოს მოქალაქეს, მათ რიცხვში ალასანიასაც, ყველაფრის უფლება აქვს, ოღონდ ფორმები უნდა დაიცვას სწორად. თუ კოალიციაშია, კოალიციას უნდა ჰკითხოს, თუ არა და გამოდის კოალიციიდან და აკეთებს რასაც უნდა. ესეც გასაგებია'', - აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტი არის განსხვავებული, იმ ინსტიტუტისგან რომელიც საქართველოში აქამდე იყო და ამ ინსტიტუტის ეტალონად მას ვახტანგ ხმალაძე წარმოუდგენია. 
''ხმალაძეს სხვათა შორის, დიდი სურვილი არ აქვს ამის და არ გაგიჟებულა. ძალიან სიმპატიური კაცია, ძალიან მიყვარს და ვაფასებ. დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ აბსოლუტურად შეგნებულად ვთქვი მაშინ და რამდენადაც საპრეზიდენტო არჩევნები შორს იყო, მინდოდა საზოგადოება დაფიქრებულიყო. ეს ინსტიტუტი რაც ეხლა შემოდის და ის საპრეზიდენტო ძალიან განსხვავებულია. პრინციპულად განსხვავებულია და ამით მინდოდა მიმეთითებინა, რომ ეტალონური იყო ხმალაძე'' , - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები