ირანის ბირთვული პროგრამა

ვაშინგტონი მზადაა თეირანთან მოლაპარაკება დაიწყოს

ვაშინგტონი მზადაა თეირანთან პირდაპირი მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს განცხადება მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა გააკეთა. მისი თქმით, აშშ ყოველთვის აცხადებდა მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის და ეს წინადადება ძალაში რჩება, თუმცა ამისთვის საჭიროა ირანის ლიდერების სურვილიც.

ბაიდენის განცხადებას მხარი დაუჭირა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლის ქვეყანაც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

ირანის წარმომადგენლები ბაიდენის ინიციატივას განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეჰი ამბობს, რომ ასეთი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ირანი დარწმუნდება, რომ შეერთებული შტატების მოტივი გულწრფელია. „იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილება სამწუხაროდ სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს“, - აღნიშნა სალეჰიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ, ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის საიდუმლოდ შექმნაში ადანაშაულებენ. მოცემულ მომენტში ირანის წინააღმდეგ გაეროს ოთხი სანქცია აქვს დაწესებული, ასევე არსებობს რეზოლუციები ბირთვული პროგრამის სრული გამჭვირვალობით წარმართვის მოთხოვნით.

გასულ თვეში ირანმა ურანის გამდიდრების პროცესის დაჩქარებაზე მუშაობა დაიწყო. ქვეყანა ასევე აქტიურად მუშაობს საკუთარი სამხედრო ტექნიკის განვითარებაზე. გუშინ, ორ თებერვალს, ირანში ახალი ავიაგამანადგურებლის Qaher 313-ის პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც სამხედრო ექსპერტების განცხადებით, უნარი აქვს, რადარებს დაემალოს.

 

კომენტარები