თბილისის მერია

თბილისის მერია მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროში მძღოლებს განუცხადეს, რომ ''თბილისის მერიის ინიციატივა, რომელიც მათი საქმიანობის თვეში 10 ლარის ოდენობით  ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრას გულისხმობს, რთულად განსახორციელებელია''.

''ჩვენთვის გასაგებია, რომ ფინანსთა მინისტრის გარეშე სამინისტროს თანამშრომლებისთვის ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება რთულია და ამიტომ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მინისტრთან ერთად ინტენსიურად ვიმუშაოთ აღნიშნული საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. ამასთან, თბილისის მერია ოფიციალურად მიმართავს საქართველოს მთავრობას მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსების მძღოლების საქმიანობა თვეში 10 ლარის ოდენობით, ფიქსირებული გადასახადით დაიბეგროს, რაც მნიშვნელოვანი მატერიალური შეღავათი იქნება მძღოლებისთვის'', - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერია განმარტავს, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს შესაძლებლობას, საქმიანობის ნებისმიერი სახე, ''რომლის შედეგად მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში არ აღემატება 100 ათას ლარს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაიბეგროს ფიქსირებული გადასახადით''.

შეგახსენებთ, მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მეშვიდე დღეა, რაც გაფიცულები არიან.

კომენტარები