ამნისტია

წულუკიანი: არ ვწუხვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე პატიმრები ოჯახებს დაუბრუნდნენ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ამნისტიის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

"მე არ ვწუხვარ იმის გამო, რომ სანამ ვენეციის კომისია ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნას გამოაქვეყნებდა, არაერთი ამნისტირებული პატიმარი დაუბრუნდა თავის ოჯახს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.  

როგორც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, ის წუხს, რომ ამნისტიის შესახებ კანონი კომისიის მოსაზრებების მიღებამდე დაამტკიცეს. 

"ვწუხვარ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცეს მანამ, სანამ მიიღებდნენ ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ ამასთან, მესმის იმ ხალხის მდგომარეობა, რომლებიც ციხეებში იყვნენ და ახლახან გაათავისუფლეს ამ კანონის წყალობით. საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ განვიხილავთ არა მთლიან კანონს, არამედ იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს შეეხებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, იყვნენ თუ არა ისინი პოლიტიკური პატიმრები, არამედ ჩვენ შევეხებით მხოლოდ პროცედურულ საკითხებს", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. 

კომენტარები