ბრალდება

კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიბაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვაში. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ სიბაშვილმა კახეთის რეგიონული სააგენტოს დირექტორ ვალერიან გრემელაშვილს დაავალა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში წყალდიდობით დაზიანებული შიდა გზების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისთვის ხელშეკრულება დაედო ინდმეწარმე დიმიტრი ივანელაშვილთან. ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ივანელაშვილის საბანკო ანგარიშზე კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოდან გადაირიცხა 55 689 ლარი, რეალურად კი შესრულებული სამუშაოების ღირებულება აღმოჩნდა ნაკლები და გაფლანგულ იქნა 10 794 ლარი'', - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

მისივე თქმით, სიბაშვილმა ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა დედოფლისწყაროში არსებული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ასევე კახეთის რეგიონული ტურიზმის განვითარებისთვის ატრიბუტიკის შესყიდვის დროს, ერთ-ერთ შპს-სთან 208 207 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, ''თუმცა შესყიდული საქონლის რეალური ღირებულება აღმოჩნდა 98 896 ლარი''.

გამოძიება სიბაშვილს კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებაში ედავება, კერძოდ, ''ბრალდებულმა გრემელაშვილს უკანონოდ დაავალა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოში თანამშრომლებად გაეფორმებინა თავისი მეგობრები. ''აღნიშნული პირები არავითარ სამუშაოს არ ასრულებდნენ და ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს''.

''გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში სიბაშვილი საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ და გამორჩენის მისაღებად, გრემელაშვილს სთხოვდა მისთვის, როგორც კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარისთვის პრემიები ჩაერიცხა. ერთი წლის განმავლობაში მან პრემიების სახით მიიღო 13 376 ლარი", - განაცხადა სუხიაშვილმა.

გიორგი სიბაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლების პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

კომენტარები