ბრალდება

სემეკ-ის თავმჯდომარეს ბრალი რესტორანში დენის 20 წუთით გამორთვისთვის წაუყენეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, გურამ ჩალაგაშვილს შსს-მ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში წაუყენა. რაც წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთი რესტორანში მისი მითითებით ელექტროენერგიის 20 წუთით გათიშვაში გამოიხატა.

"გამოძიება გურამ ჩალაგაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. კერძოდ, 2013 წლის 12 იანვარს, რესტორან "ამირანში" მისი დავალებით გამორთეს ელექტროენერგია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მაშინ როცა გამოძიებით დადგენილია, რომ დენის გამორთვის მიზეზი არ არსებობდა", - განაცხადა  შს სამინისტროს გამომძიებელმა სერგი ადეიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

ჩალაგაშვილი ბრალდებულის სტატუსით შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიკითხა. როგორც დაკითხვის შემდეგ მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

მისი განცხადებით, იგი 12 იანვარს რესტორანში წვეულებაზე იმყოფებოდა და დამწვრის სუნი იგრძნო, რაც, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ჩალაგაშვილის თქმით, უსაფრთხოების მიზნით იგი დაუკავშირდა შესაბამის უწყებებს და შუქი გაათიშინა.

სააგენტოს ცნობით, სემეკ-ის ხელმძღვანელისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო 19 იანვარს იმსჯელებს.

გურამ ჩალაგშვილისთვის ბრალის წაყენებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა facebook-ის საკუთარ გევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, მისთვის ცნობილი გახდას, რომ „გურამ ჩალაგაშვილმა რესტორანში ნასვამ მდგომარეობაში გაურკვეველი მიზეზების გამო, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე ზეწოლა განახორციელა და მუქარის შედეგად, ამ კონკრეტული ობიექტისათვის ელექტროენერგია გაათიშინა, რამაც გამოიწვია დენის მიწოდების შეწყვეტა ირგვლივ მდებარე უბნებისთვის და ერთ-ერთი სამედიცინო ობიექტისთვის ქუთაისში“.

როგორც თავის განცხადებაში ენერგეტიკის მინისტრი აღნიშნავს, „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სტაბილური მიწოდება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ასევე, გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა. ნებისმიერი უხეში ჩარევა გარეშე მხრიდან მიმწოდებელი კომპანიების მიმართ ქმნის დამატებით საფრთხეებს მოსახლეობისთვის".

კალაძე აღნიშნავს, რომ „ყოველივე ეს არის შედეგი იმ დაუსჯელობის და ხელშეუხებლობის სინდრომის-რაც გააჩნდათ მაღალი თანამდებობის მქონე პირებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში".  იმავდროულად, იმ უთანხმოებებზეც გაამახვიოლა ყურადღება, რაც მის უწყებასა და სემეკ-ის თავმჯდომარეს შორის არსებობდა: "ნაცვლად იმისა რომ მარეგულებელი კომისიის თავმჯდომარე ჩართული იყოს იმ პროცესებში რომელიც ითავა ენერგეტიკის სამინისტრომ და რომელიც რეალურად სემეკის ფუნქციაა( ტარიფის დაწევა და დარგის რეფორმირება) ბატონი ჩალაგაშვილი არათუ თანამშრომლობს ამ კუთხით არამედ თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ხელს უშლის და აზიანებს მიმდინარე პროცესებს. ჩვენი ხელისუფლება წინ აღუდგება მსგავს გამოხტომებს , რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის და ჩვენი დარგების განვითარებას“.

ჩალაგაშვილისთვის წაყენებული ბრალდება მოგვიანებით შსს-მ განმარტა.  "გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ჩალაგაშვილი, 2013 წლის 12 იანვარს, წყალტუბოს რ-ნის სოფ. ქვიტირში, რესტორან "ამირანიდან" დაუკავშირდა სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორ დავით მურადაშვილს, რომელსაც აღნიშნულ რესტორანში ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა. მურადაშვილი თავის მხრივ, ტექნიკურ მენეჯერ ლევან კუპრავას დაუკავშირდა და ზემდგომის დავალება გადასცა. მორიგე ელექტროტექნიკოსმა, ხელმძღვანელობის დავალებით, რესტორან "ამირანისა" და მის მიმდებარედ განთავსებული სხვადასხვა ობიექტების ელექტროენერგიის გამანაწილებელი გამორთო, რის გამოც, ქუთაისში, ასობით ოჯახს და ათამდე კერძო კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა",-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გურამ ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

 

 

 

კომენტარები