დაკავებები

წულუკიანი: ხალხში არის უკმაყოფილება, რა ხელისუფლება ხართ, ეს ადამიანები ციხეში ვერ ჩაგისვამთო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის გადაცემა „პოზიციის“ ეთერში სასამართლოს მიმართ მის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არ შეიძლება მისი განცხადებები ზეწოლად ჩაითვალოს.

წულუკიანის თქმით, ხალხში არის უკმაყოფილება და ყოველდღიურად ესმით ამომრჩევლისგან პრეტენზიები - რა ხელისუფლება ხართ თქვენ, თუკი საუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, ამისთვის მიგიშვით ხელისუფლებასთან და ეს ადამიანები ციხეშიც ვერ ჩაგისვამთო. „ამაზე მე ვპასუხობ იმას, რაც გაღიზიანებული მოსახლეობისთვის, შეიძლება, ერთი შეხედვით, ნათელი არ იყოს. როგორც იუსტიციის მინისტრი და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით პროკურორი, რომლის გამგებლობის სფეროში შემოდის მთავარი პროკურატურა, ვაცხადებ იმას, რაც არის ფაქტი - მე ვითხოვ პატიმრობას, კუბლაშვილი უშვებს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუშალეს თუ არა გამოძიებას ხელი მათ, ვინც გირაოთი გამოუშვეს, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ აქვს ეჭვი, რომ გამოძიება ბევრ რამეში დაზარალდა: „მე ვილაპარაკებ იმ ადამიანზე, ვინც მე თვითონ დავაკავე. ეს არის გენერალი კალანდაძე. არსებობს ინფორმაცია, რომ გენერალი კალანდაძე, მას შემდეგ, რაც მან მოსამართლისგან დაუმსახურებლად მიიღო გირაოს შესახებ გადაწყვეტილება, ცდილობს მოწმეებზე ზეწოლას“. მან ასევე განმარტა, რომ წინასწარი პატიმრობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი იუსტიციის მინისტრმა, ან ვინმემ ცნო დამნაშავედ. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას სჭირდება პირი თავისთან, რათა ამ ადამიანმა ან არ გაანადგუროს მტკიცებულები, „ან არ იაროს სამეგრელოს რაიონ-რაიონ, როგორც ამას კალანდაძე თურმე აკეთებს და ამას მე კიდევ გადავამოწმებ, იმიტომ, რომ მე დავაკავე“, - აცხადებს წულუკიანი. მან ასევე დაამატა, რომ რახან საჯაროდ აცხადებს ამას, საფუძველიც აქვს.

 წულუკიანმა ისაუბრა იმაზეც, რომ კუბლაშვილი არის კრებითი სახელი. „ისე აქვთ მოწყობილი ეს შიდა სისტემა, რომ ის 30-მდე საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალ თუ შუა რგოლის ჩინოსანს ეხება, ხვდება ყოველთვის 4-5 მოსამართლის ხელში“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი. მან დაასახელა ხსენებული 5 მოსამართლის ვინაობაც - გიორგი გოგინაშვილი, გელა ბადრიაშვილი, მერაბ ჯორბენაძე, გიორგი არევაძე და ნატო ხუჯაძე. „მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი მოსამართლე უდგას მას ოპოზიციაში“, - აცხადებს წულუკიანი.

 

კომენტარები