დაკავებები

გამოძიება ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის, საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გამოძიება მას სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. ჩოჩელს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს, 26 იანვარს, შეუფარდებენ. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურა ჩოჩელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.  ”ვნახოთ, კიდევ ერთხელ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კოტე კუბლაშვილი ხელმძღვანელობს", - განაცხადა წულუკიანმა. 

 საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, ჩოჩელს, როგორც საჯარო მოხელეს, კანონმდებლობით ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა და საწარმოს მართვაში მონაწილეობა. ”მიუხედავად აკრძალვისა, იგი ფაქტიურად ხელმძღვანელობდა შპს "ნიუ ენერჯის," მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ, ღებულობდა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2009 წლის ნოემბერში შპს "ნიუ ენერჯი"– ს ცეზარ ჩოჩელმა მოსთხოვა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლები გადაერიცხა შპს "ბერტა"– ს საბანკო ანგარიშზე, რომლის ერთერთი დამფუძნებელიც მისი ძმა იაგო ჩოჩელი იყო, თუმცა ფაქტიურად ამ ფირმას თავად მართავდა. "ნიუ ენერჯიმ" კი ჩოჩელის უკანონო მოთხოვნა დააკმაყოფილა და შპს "ბერტა"– ში ეტაპობრივად გადარიცხა თანხა 5 360 000 ლარის ოდენობით.

ასევე განცხადების თანახმად, 2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, შპს "ნიუ ენერჯიმ" ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად, თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თქმით, ჩოჩელის უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა 5 421 845 ლარი შეადგინა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები