ევროსაბჭო

ევროსაბჭო: პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნილების სია პრობლემატურია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ  საქართველოს მიერ თავისი მოვალეობების შესრულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არჩევნების შემდგომ მდგომარეობასა და საარჩევნო რეფორმაზე, საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კოაბიტაციაზე, ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე, რეფორმებსა და პატიმრების წამების სკანდალის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

ევროსაბჭოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი ძალიან გამართული იყო. ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა მნიშვნელოვნად გააადვილა ძალაუფლების გადაცემა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა თავის კონსტიტუციურ უფლებაზე, რამდენიმე მინისტრი და მთავარი პროკურორი თავად დაენიშნა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი კოაბიტაციას. ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიხედვით, ძალაუფლების გადაცემის პროცესის ასე ადვილად ჩავლა მისალოცია.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კოაბიტაციის პროცესის სირთულეს ხელს უწყობს კონსტიტუციური კონტექსტი, თუმცა ორივე მხარე თანაბრად დამნაშავეა კოაბიტაციის სირთულეში. ევროსაბჭოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ოპონენტებად მოიხსენიებს, განსხვავებით კონსტიტუციურად განსაზღვრული პასუხისმგებლობებისა. ანგარიშში მწუხარებაა გამოთქმული, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი პოლარიზაცია და რიტორიკა არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა.

„კოაბიტაციის სირთულე, გარკვეულწილად, ასახულია პარლამენტის მუშაობაში, რომელიც ართულებს პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, კოაბიტაციის სირთულე გამოწვეულია შიშით, რომ მეორე მხარე არაკანონიერ გზებს გამოიყენებს არჩევნების შედეგების შესაცვლელად. მმართველი პარტია შიშობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გამოიყენებს თავის უფლებას დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი მთავრობა. პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებს ეშინიათ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს შეეცდება და ნაციონალური მოძრაობის წევრების გადაბირებას შეძლებს, რათა კონსტიტუციური ცვლილებების მიღება შეძლონ და პრეზიდენტის ძალაუფლება შეამცირონ.

„აშკარაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ან ნაადრევი არჩევნების დანიშვნა ქვეყანას კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანს“, - ნათქვამია ანგარიშში.     

ევროსაბჭოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამორიცხეს მთავრობის დათხოვნის ან ახალი არჩევნების დანიშვნა. ანგარიშის მომმზადებელთა მიხედვით, მმართველმა პარტიამაც უარყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის სურვილი.

კოაბიტაციის შეფასებისას ანგარიშის მომმზადებლები შეეხნენ მაჟორიტარი დეპუტატების მთავრობაში გადაყვანის საკითხს და აღნიშნეს, რომ დემოკრატიული მიდგომით, უკეთესი იქნება, თუ არჩევნები სამი ვაკანტური ადგილის შესავსებად რაც შეიძლება მალე დაინიშნება.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელიც ქართულ ოცნებას სურს. ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიხედვით, პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირება ამ მომენტში თავიდან უნდა იქნას არიდებული. პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილების კონსტიტუციური გამიჯვნა, ქვეყანაში კოაბიტაციის პრობლემას მოაგვარებს და პოლიტიკურ მდგომარეობას სტაბილურს გახდის. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ  პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირება, ოპოზიციასა და მთავრობას შორის ამ საკითხზე კონსენსუსის არარსებობის დროს, პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს და, შესაბამისად, თავიდან უნდა იქნას არიდებული.

ევროსაბჭოს წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა ისინი ან ქართულ ოცნებაში გადასულიყვნენ ან გადამდგარიყვნენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში აღიარებენ, რომ ქართული ოცნების აქტივისტები მათზე ზეწოლას ახდენდნენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს ცენტრალურ მთავრობაში დაგეგმილი არ არის. ევროსაბჭო საქართველოს მთავრობას ასეთი ზეწოლის საქმეების გამოკვლევას სთხოვს.

“ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ გუნდს გააკეთონ არაორაზროვანი განცხადება, რომ ნებისმიერი სახის წნეხი ადგილობრივ თვითმმართველობაზე, შეწყნარებული არ იქნება“, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უმრავლესობის წევრებმა გამოთქვეს სურვილი,  ასეთი განცხადება გააკეთონ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველმა გუნდმა გამოთქვა სურვილი ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს საგარეო საკითხებში, „რადგან საგარეო კურსის მთავარ პოსტულატებში ახლანდელ და ძველ ხელისუფლებას შორის მხოლოდ მცირე განსხვავებებია“.

ანგარიშში ევროსაბჭოს წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი დაკავებები სერიოზული შეშფოთების საგანია, და რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული დაკავებების პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღქმა. ევროსაბჭოს წარმომადგენლები უმრავლესობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მცირე დანაშაულებისთვის ამნისტიას ურჩევენ.

„ხაზი უნდა გაესვას, რომ არანაირ დანაშაულზე, მათ შორის არც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილზე, თვალი არ უნდა დაიხუჭოს. ამავდროულად, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა გამოძიება მიუკერძოებლად, სრული გამჭვირვალობითა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებით ჩატარდეს, როგორც ეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაშია გაწერილი. პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები არა მხოლოდ არ უნდა მოხდეს, არამედ თავიდან უნდა იქნას აცილებული მიმდინარე დაკავებების ასეთად აღქმა. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ ფასს - უფრო გაზრდილი დაპირისპირება და ანტაგონიზმი - რომელიც თან ახლავს ძველ ასეთ დაკავებებს, ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებისა და საჯარო პირების მცირე დანაშაულებისთვის გასამართლება არამიზანშეწონილია და თავიდან უნდა იქნას აცილებული. ასეთ დანაშაულებზე ამნისტია პოლიტიკური გარემოს განმუხტვას შეუწყობს ხელს“, აღნიშნულია ანგარიშში.

ევროსაბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრი დელეგაციასთან ირწმუნებოდა, რომ ყველა შესაბამისი პროცესი დაცული იქნებოდა, თუმცა საზოგადოებრივი მოთხოვნის გამო მძიმე დანაშაულებების მიტევება ვერ მოხდებოდა. უმრავლესობის წევრებმა ევროსაბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მოიწვიეს მიმდინარე დაკავებებზე დასაკვირვებლად.

ანგარიშში საუბარია ამნისტიასა და პოლიტიკურ პატიმრებზე, რომელსაც ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა „პრობლემური“ უწოდეს. ევროსაბჭოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მაშინ, როცა პოლიტიკური პატიმრების სიაში შეტანილი რამდენიმე საქმე პრობლემატური და შესაძლებელია პოლიტიკურად მოტივირებულია, მათი დიდი ნაწილი ახალია და ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა შეტანილი პოლიტპატიმრების სიაში. ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემურია სიის შედგენის მეთოდიც.

„პირველ რიგში, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ პარლამენტმა თავის კონსტიტუციურ უფლებას გადააჭარბა ამ ადამიანების პოლიტიკურ დევნილებად და პატიმრებად გამოცხადებისას, მაშინ, როცა მათი საქმეების ადეკვატური სამართლებრივი გადახედვა არ მომხდარა. [...] ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რაიმე ნაბიჯის გადადგმამდე ან ფორმალური სტატუსის დადასტურებამდე, ყველა საქმემ შესაბამისი სამართლებრივი გადახედვა გაიაროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული სიებისა და პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციის საკამათო ხასიათის გამო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროსაბჭოს წარმომადგენლები ასევე გამოეხმაურნენ პარლამენტის წევრების ინიციატივას, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გახმაურებულ საქმეებს გამოიძიებს, მათ შორის - გირგვლიანის, ენუქიძისა და ზურაბ ჟვანიას საქმეებს. მათი თქმით, ასეთი კომისიის შექმნა შეიძლება შეშფოთების საგანი გახდეს.

„ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა პოტენციურად შეშფოთების საგანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამით პარლამენტი მთავარი პროკურატურის როლს ირგებს, რომელიც ასევე იძიებს ამ საქმეებს. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა მხოლოდ მთავარი პროკურატურის პრეროგატივა უნდა იყოს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროკურატურა ამ საქმეების გამოძიებას დაასრულებს, შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო კომისია, თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება”, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიხედვით, პრემიერმინისტრი და იუსტიციის მინისტრი დაეთანხმნენ ამ რეკომენდაციას და განაცხადეს, რომ პარლამენტს სთხოვდნენ ასეთი კომისია არ შეიქმნას.

ანგარიში შეეხო ციხის რეფორმისა და ამნისტიის საკითხსაც. ევროსაბჭოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ციხეების გადატვირთვა და ადამიანის უფლებები წარსულშიც იყო ევროსაბჭოს შეშფოთების მიზეზი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ციხეების განტვირთვის მიზნით ხელისუფლებამ ამნისტიის კანონი შეიმუშავა, თუმცა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს აღნიშნული კანონი ანგარიშში არ შეუფასებიათ და წერენ, რომ პენიტენციარული სისტემის რეფორმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ევროსაბჭო ამ პროცესს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

ანგარიშში ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად წინა მთავრობის მრავალი რეფორმისა, სასამართლო დამოუკიდებლება ევროსაბჭოს ასამბლეისთვის აღელვების საგანი იყო. ევროსაბჭოს წარმომადგენლების თქმით, სასამართლო საქმეების უმრავლესობაში გადაწყვეტილებებს პროკურატურის მხარე იღებდა და სასამართლო მმართველი უმრავლესობის გავლენას განიცდიდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭო მიესალმება ახალი მთავრობის ინიციატივას გაატაროს სასამართლო რეფორმა და ის უფრო დამოუკიდებელი გახადოს. ამ მხრივ ხაზია გასმული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე. ევროსაბჭოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმის დაჩქარების გამო, აუცილებელია ყურადღება მიექცეს, რომ რაიმე ახალი დეფექტები არ გაჩნდეს სისტემაში. ამის თავიდან ასაცილებლად ევროსაბჭო ურჩევს უმრავლესობას, ვენეციის კომისიის შეფასებას დაელოდოს და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წინა ხელისუფლების დროს  ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიზებულად აღიქმებოდა. ევროსაბჭოს წარმომადგენლები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ახალი ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებას ცდილობს. ევროსაბჭო მიესალმება რეფორმებს, მაგრამ უმრავლესობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მაშინ როცა მივესალმებით რეფორმებს, რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოიტანს სამართალდამცავ ორგანოებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში - რაც ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ ჩვენს წინა რეკომენდაციებში - მოვუწოდებთ ხელისუფლებას უმიზეზოდ არ შემოაბრუნოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გატარდა და რომელმაც შესაძლებელი გახადა პოლიციაში კორუფციის აღმოფხვრა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ევროსაბჭოს დელეგაცია ასევე საუბრობს უმცირესობებსა და მესხების რეპატრიაციაზე. დელეგაციის წევრები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ ქართული ოცნების რამდენიმე წევრმა ამ საკითხზე უარყოფითი კომენტარი გააკეთა და რეპატრიაციის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა. დელეგაციამ ასევე მოკლედ აღნიშნა, რომ საგარეო კურსში ცვლილებები არ იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივას სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოზე სავაჭრო ემბარგოს მოხსნას პოზიტიურად უპასუხებს.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლები საქართველოში 2012 წლის 5-7 დეკემბერს იმყოფებოდნენ. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება იყო. ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრს, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, პრობაციის და ევროინტეგრაციის მინისტრებს, უშიშროების საბჭოს მდივანს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, ცესკო-ს თავმჯდომარესა და ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები