სტრასბურგი

მიხეილ სააკაშვილი: იმედია, კოაბიტაციის პროცესი წარმატებით წარიმართება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისა და კოაბიტაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია, ამავდროულად მოხარულია, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.

„ჩვენი ერის მისწრაფება ევროპისა და ევროინტეგრაციის მიმართ ნებისმიერი პოლიტიკური დანაწევრების მიღმა გადის - ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. 90-იანი წლების დასაწყისში ჩემი პოლიტიკაში ჩართვა განსაზღვრა იდეამ, რომ ოდესმე შევუერთდებოდი ევროპულ ოჯახს. მაგრამ ამაყი ვარ, რომ ეს არჩევნების გზით მოხდა. ამაყი ვარ ჩემი პარტიით, რომ ააშენა ისეთი სახელისუფლებო სისტემა, სადაც ხელისუფლება იცვლება არჩევნების შესაბამისად და არა გადატრიალებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით,  რვა წლის მმართველობის პერიოდის პოლიტიკური პროცესები და ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიული გამოცდილების ნაწილია. იგი იმედოვნებს, რომ ამან მთელი რეგიონი შეცვალა.

სააკაშვილს იმედი აქვს, რომ კოაბიტაციის პროცესი საქართველოში წარმატებით წარიმართება.

„იმედია, პრემიერთან ერთად ვიპოვით სწორ გზას და ეროვნულ ინტერესს უფრო მაღლა დავაყენებთ, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები