საგარეო ურთიერთობები

საპარლამენტო უმცირესობა მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში იბარებს. ისინი მინისტრისგან ახსნა-განმარტებების მიცემას ითხოვენ ლიტვაში ვიზიტის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზებზე გაკეთებული კომენტარის გამო. 
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფანჯიკიძემ ლიტვაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ არის შესაძლებელი.
თუმცა, სომხური საინფორმაციო პორტალი News.am-ი იტყობინება, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ არასწორად გააშუქა ფანჯიკიძის განცხადება - თითქოს, მინისტრმა მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიაში დაბრუნებას.
News.am-ის წარმომადგენლებმა მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც მათ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს და პრესკონფერენციის ვიდეომასალა მიაწოდეს. News.am-ის ცნობით, ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ფანჯიკიძეს ნამდვილად არ უხსენებია მთიანი ყარაბაღი. 
რუსთავი 2-თან საუბრისას, უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ  საგარეო საქმეთა მინისტრი არაკომპეტენტურია და მისი საქმიანობა ლახავს საქართველოს იმიჯს.
„ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან გაუაზრებელი განცხადებები ლიტვაში, რომლის შედეგადაც, გადადების პირას არის სომხეთში ვიზიტი“, - განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი სომხეთში 17 იანვარსაა დაგეგმილი. 

კომენტარები