თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: სააკაშვილი პანიკაშია, რადგან მისი დაკავების უფლება მხოლოდ მე მაქვს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას მიერ, მის მამასთან ავთანდილ წულუკიანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც თეა წულუკიანმა გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ბოკუჩავას განცხადება ''სინამდვილეში სააკაშვილს ეკუთვნის''.

''სააკაშვილი, როგორც ჩანს, მისთვის ჩვეულ პანიკაშია, რადგან იცის, რომ ადეიშვილის მიერ შექმნილი კანონის თანახმად, მხოლოდ მე მაქვს მისი დაკავების უფლება. მინდა დავამშვიდო - ჩვენი მთავრობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობაა'' , - აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ''პოლიტიკურ კარიერას ტრაგიკულად ასრულებს''.

‘’საინტერესოა, მაშინ არ იყო ჩემი მშობელი სააკაშვილისთვის მიუღებელი, როდესაც იუსტიციის მინისტრობისას თავის მოადგილეობას მთავაზობდა, როცა ვარდების რევოლუციის მერე მთავაზობდა ელჩობას პარიზში? მაგრამ მე მისი შემოთავაზებები არასოდეს მიმიღია, რადგან თავად იყო ყოველთვის ჩემთვის მიუღებელი. თუმცა, მესმის მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და არ ვბრაზდები. დიდი იმედით ხელისუფლების სათავეში მოსული პრეზიდენტი ასე ტრაგიკულად ასრულებს პოლიტიკურ კარიერას და გასაგებია, რომ სწყინს ჩემგან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორსაც თავად არ მიიღებდა’’ , - ამბობს თეა წულუკიანი.

წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტი ‘’აგრძელებს ჩარეცხილების თემას’’.

‘’ის ესხმის თავს უფროსი თაობის კვალიფიციურ იურისტს. დიახ, მე ვთვლი, რომ მამაჩემი სწორედ ასეთი იურისტია. მაშინდელი კანონების გამო მას მოუხდა მკაცრი, მაგრამ სათანადო და პროპორციული სასჯელების შეფარდება. ამ ილეთით პრეზიდენტი აგრძელებს ჩარეცხილების თემას. მის ადგილას მე ამ საკითხზე ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ეს მისთვის წამგებიანია’’ , - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მამის შესახებ ისაუბრა.

"ავთანდილ წულუკიანი მოსამართლე იყო 1991-1997 წლებში. ამ ხნის განმავლობაში მან 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ყოველწლიურად ეს ადამიანი ხელს აწერდა სასიკვდილო განაჩენს. ამ შემაშფოთებელი რეკორდით ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაინტერესებს, იღებს თუ არა დღეს იუსტიციის მინისტრი პირად რჩევებს ამ პიროვნებისგან, რომელსაც შემზარავი და ბნელი წარსული აქვს", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

კომენტარები