ენერგეტიკა

ინტერ რაო საქართველოს შემცირებულ ტარიფს 2025 წლამდე სთავაზობს

რუსული გაზეთ კომერსანტის ინფორმაციით, რუსული ენერგოკომპანია ინტერ რაო საქართველოს ხელისუფლებას ახალი ხელშეკრულების დადებას სთავაზობს, რომლის თანახმადაც, ახლახან დროებით შემცირებული ტარიფი 2025 წლამდე დარჩება ძალაში. გაზეთი წერს, რომ ეს გამოიწვევს რუსული ჰოლდინგის მიერ კონტროლირებადი კომპანია თელასის შემოსავლების შემცირებას, თუმცა ინტერ რაო არ შეამცირებს ქართულ ენერგეტიკაში ინვესტიციებს.

იმის შესახებ, რომ ინტერ რაო საქართველოში ინვესტიციების შემცირებას არ აპირებდა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ტარიფების შემცირება მთლიანად კომპანიების ხარჯზე მოხდა.

კომერსანტი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ქართული ოცნება, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებამდე, მოსახლეობას ენერგოტარიფის ორჯერ შემცირებას ჰპირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დეკემბრის ბოლოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ინტერ რაოს თავმჯდომარე ბორის კოვალჩუკმა ხელი მოაწერეს დროებით მემორანდუმს, 2013 წლის მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის ტარიფების დაწევის თაობაზე. მემორანდუმის მიხედვით, სამი თვის განმავლობაში მომხმარებელთათვის, რომლებიც თვეში 300 კვტ/საათამდე ხარჯავენ, ტარიფი კილოვატზე 0,0354 ლარით შემცირდა.

გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნულ შეთავაზებაზე პასუხი საქართველოს მთავრობისგან კომპანიას ჯერ არ მიუღია.

 

კომენტარები