გუბერნატორები

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად თენგიზ გუნავა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად შს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტმა, გუნავა თანამდებობაზე უკვე წარადგინა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში წესრიგის დამყარება თენგიზ გუნავას სახელს უკავშირდება.

"ამოიძირკვა ნარკოტიკები, წვრილმანი ქურდობები, ყაჩაღობები, სხვა დანაშაული, კონტრაბანდა. მე მას ასევე ვიცნობ როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. მახსოვს მის მიერ ჩატარებული ოპერაციები. მან გადაარჩინა უძვირფასესი ტექნიკა, წაართვა რუსებს სამხედრო ოპერაციაში ორი საზღვაო კატარღა, აუფეთქა ოკუპანტებს უძვირფასესი საჰაერო დანადგარები, რომელიც გაჰქონდათ როგორც სამხედრო ნადავლი. ეს იყო ძალიან რთული და თავზეხელაღებული სამხედრო ოპერაცია. მან გადაარჩინა ჩვენი სხვა კატარღები ფოთში. როცა რუსები ჩემს დასაკავებლად გამოემართნენ ფოთში, ის თავისი მცირე შენაერთით გადაეღობა და დიდი რუსული შენაერთი ჰყავდა დაკავებული, ვიდრე არ დავამთავრე გამოსვლა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ გაივლიდნენ, თენგიზ გუნავა კი პასუხობდა - გაიარეთ, მაგრამ იქნება სროლები და შეტაკება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე თენგიზ გუნავა ზაზა გოროზიას ჩაანაცვლებს.

 

 

კომენტარები