მოდა

საძილე ტომარა და მბრწყინავი სათამაშოები

მოდა, ხშირად, აბსურდად აქცევს ერთი შეხედვით უმტკივნეულო, სადა მოვლენას. მაგალითად, დასვენებას, გართობას ან თუნდაც სითბოს შენარჩუნებას ზამთრის სუსხიან ამინდში.

მოდის ისტორიაში ბევრი მაგალითია, სპეციფიკური ტანისამოსი როგორ გამხდარა ჰიტი, ან მანუფაქტურებმა, რომლებიც კონკრეტულ, მოდის დიზაინისგან შორს მდგომ უნიფორმას ქმნიდნენ, როგორ მოშალეს თავიანთი საზღვრები და გემოვნების, სტილის სამყაროში გადაეშვნენ: აღარავის ახსოვს Celine-ის სპორტული ტანსაცმელი, მაგრამ ბევრ ქალს უნდა ამ ლუქსბრენდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან ტყავის ლაბადა, Lacoste ჯერ არ დამშვიდობებია სპორტულ წარსულს, მაგრამ დიდი წარმატებით ყიდის არა ჩოგბურთის უნიფორმებს, არამედ ქალისა და მამაკაცის დღის ტანსაცმელს. მეორე მხარეც საპასუხო დარტყმებს იძლევა და გვაქვს სტელა მაკარტნის მიერ შექმნილი Adidas. ასევე, უნიკალურ საკოლექციო ობიექტად ქცეული ალექსანდრ მაქქუინის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მან Puma-ს გაუკეთა.

გეხსომებათ გლენ მილერის მელოდიები, პონპონიანი ქუდები, ნაქსოვი ტანსაცმელი სკანდინავიური ირმებით, ფიფქებით და „მზიური ველის სერენადა” – იქ, იდეალიზებულ სივრცეში, ხის თხილამურებზე შემდგარი ლაღი ხალხი მოსაწყენი ცხოვრებისგან გარბის. სქემა თითქმის არ შეცვლილა, უბრალოდ, ეკიპირება დაიხვეწა – დღეს სტილი თანამედროვეა, ცოტა უფრო კადნიერიც – სადმე სენტ მორიცში, კურშაველში ან კორტინაზე მოწყენილი ქერა მოდელი გოგო შანელის თხილამურებზე მოსრიალებს და თოვლში Tiffany-ის ბრილიანტებს კარგავს, მაგრამ მას არ სცივა, რადგან უდავოდ Moncler-ის ქურთუკი აცვია. ქურთუკი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებამდე მხოლოდ მთამსვლელთა არქტიკული ექსპედიციებისთვის იყო განკუთვნილი. 1988 წელს კი პრესტიჟული ფრანგული გამოცემის Madame Figaro-ს სარედაქციო კოლეგიამ, სრული შემადგენლობით, საშობაო მილოცვისთვის Moncler-ის ქურთუკებში გამოწყობილმა გადაიღო ფოტო და ამით ხიდი გადო კომპანიასა და ბურჟუაზიულ ბრწყინვალებას შორის.

თავდაპირველად კი ფირმა Moncler, რომელიც 30-იანი წლებიდან მოყოლებული, თხილამურების სამაგრებს, კარვების კონსტრუქციებს, დათბილულ შლემებს და საძილე ტომრებს აწარმოებდა, ფრანგულ ალპებში, ქალაქ გრენობლთან ახლოს, ფაბრიკის თანამშრომელ მუშებს საძილე ტომრების სარჩულებისაგან შეკერილ უზარმაზარ ქურთუკებს ურიგებდა, რათა 1952 წლის ცივ ზამთარს არ დანებებოდნენ და მუყაითად ეშრომათ. ამის შემხედვარე კომპანიის მფლობელის მეგობარი, ალპინისტი ლიონელ ტერიე, ხედავს რა ამ საოცარ ტანსაცმელს, რომელიც უზარმაზარ მოსიარულე კარავს ჰგავს, დაუყოვნებლივ უკვეთავს საძილე ტომარა-ქურთუკს, რის შემდეგაც, 1954 წელს, იტალიის ყარაყუმის ექსპედიცია ირჩევს Moncler-ის დალიანდაგებულ ქურთუკს, როგორც ყველაზე სანდო ინსულაციის წყაროს. მოდელმა ცოტაოდენი მოდერნიზაცია განიცადა და დღესაც იყიდება. კლასიკური დალიანდაგებული ქურთუკის რამდენიმე დიზაინი არსებობს, წარმატების ფორმულა კი

სამხრეთ ბრეტანში მობინადრე ფრინველის 300-400 გრამ ღინღლშია. ის არის უმსუბუქესი, რბილი, თბილი, ფაფუკი და ჰაეროვანი. სწორედ ეს მონაცემები გახდა ამ ერთ დროს საძილე ტომრის წარმატების მიზეზი.

დღეს ეს ბრენდი მრავალ დიზაინერთან თანამშრომლობს, მისი კრეატიული დირექტორი კი ტომ ბრაუნია, რომელიც მილანისა და პარიზის მოდის კვირეულების ძირითად ჩვენებებში, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციებს წარადგენს სეზონურად.

სპორტთან შეზავებული დროსტარების ჟამი მუდამ იწვევდა მოდელიორების ინტერესს, მრავალი დიზაინერი თანამშრომლობდა სხვადასხვა სპორტულ ბრენდებთან უშუალოდ სპორტული ეკიპირების შესაქმნელად, თუმცა უკანასკნელ დროს მოდის სახლებმა თავად გადაწყვიტეს, რომ ზღაპრული ეკიპირება ნახევრად პროფესიონალ სპორტსმენებს და მოდის პროფესიონალ „მსხვერპლებს” შესთავაზონ. სამწუხაროდ, რეზულტატები ხშირად გამაოგნებელია: წარმოიდგინეთ Dolce&Gabbana-ს სათხილამურო სათვალეები, მოჭედილი სვაროვსკის კრისტალებით ან Dunhill-ის სნოუბორდი შავი ტყავის

სამაგრებით – ასეთ მძაფრ, დაუნდობელ ფუფუნებას მართლაც რომ კომუნისტური წარსული და უმიზეზოდ გამდიდრებული აწმყო სჭირდება. რთულია დაიჯერო, რომ ევროპელი გემოვნების შემფასებლები ასეთ მახეში გაებმებიან, თუმცა ბაზარზე სწორედ „ახალი რუსების” გამოჩენამ გამოკვეთა სახელდახელოდ შექმნილი განსაცვიფრებელი ობიექტების ეს უცნაური ნიშა, რომელიც სხვების დასანახად მუდამ ბრწყინავს.

კოკო შანელი ნოვატორი გახლდათ, მას უკავშირდება შარვლის შემოსვლა და კორსეტის განდევნა ქალის გარდერობიდან. ის იყო პირველი, ვინც ბრეტანელი მეზღვაურების ზოლიანი მაისური შენიშნა და ამით პროფესიული ტანსაცმლის სრულიად სხვა კონტექსტში გამოყენება დაიწყო. მის მემკვიდრეობას ექსტრავაგანტული კარლ ლაგერფელდი მრავალი წელია ასულდგმულებს და სწორედ მან გადაწყვიტა, რომ სახელოვან მოდის სახლს ეს უცნაური მარკეტინგული სვლა გაეკეთებინა – სრულიად სხვა, უცხო სფეროში სტილის დამკვიდრება.

Chanel-ის მოდის სახლი უკვე რეგულარულად უშვებს ექსკლუზიურ სპორტულ ინვენტარს. „შანელის თხილამურები”

მართლაც უცნაურად ჟღერს, მით უმეტეს მათთვის, ვინც სპორტში ერკვევა. მართალია ლამაზია, მაგრამ ძალიან ძვირიც – თხილამურებს ეგზოტიკური ვარდის ხისგან ამზადებენ და ერთი წყვილის ფასი თითქმის ოთხი ათასი დოლარია. სპორტის და არა ფუფუნების მოყვარულები, ცხადია, ამას არასერიოზულად აღიქვამენ. მით უმეტეს, რომ თავად თხილამურების ფორმა და დიზაინი ძველმოდურია და სწორედ იმ ხის თხილამურებს მოგვაგონებს, რომლითაც „მზიური ველის სერენადის” გმირები გასული საუკუნის 40-იან წლებში დასრიალებდნენ.

ირონიულია, მაგრამ ის, რაც ტანსაცმლის დიზაინში აბსოლუტურად მისაღებია (გამოიყენო წარსული და შექმნა ნოსტალგიური მოდა), სრულიად მიუღებელია სხვა ტიპის დიზაინში, სადაც ტექნიკური მხარე ვიზუალურზე მნიშვნელოვანია, სადაც ფორმა ახალი ტექნოლოგიების შედეგია. სწორედ ამიტომ, ასეთი მბრწყინავი სათამაშოები მხოლოდ უცებ გამდიდრებული წრეების გასართობად რჩება.

კომენტარები