პატრიარქის იუბილე

ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე თბილისში ჩამოვიდა

კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადების მე-80 საიუბილეო წლისთავისთვის საქართველოში ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხულისლამი ალაჰშუქურ ფაშაზადე ჩამოვიდა. აეროპორტში მას კათოლიკოსი ილია მღვდელმთავრებთან ერთად დახვდა, სადაც სულიერმა ლიდერებმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.

ილია მეორემ მუსლიმთა სამმართველოს შეიხულისლამს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ და ეს აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის მაგალითია. თავის მხრივ, სტუმარმა აღნიშნა, რომ ილია მეორეს ყოველთვის მიიჩნევდა უფროს ძმად. მან კათოლიკოსს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მილოცვა გადასცა. ფაშაზადეს თქმით, აზერბაიჯანელი ხალხი სითბოსა და სიყვარულს გრძნობს ქართველთა პატრიარქის მიმართ.

დღესვე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერმა ივანიშვილმა ამიერკავკასიის სამუფთო სამმართველოს ლიდერი მიიღო. შეხვედრას პატრიარქი ილია მეორე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

პრემიერის პრესამსახურის ცნობით, შეიხულისლამმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის გამო და პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მოკითხვა გადასცა. პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გაჩნდა ახალი პერსპექტივები ყველა არსებული პრობლემისა თუ საკითხის გადასაჭრელად.

 

კომენტარები