საქართველოს პარლამენტი

ამნისტიის შესახებ კანონის პრეზიდენტისეული ვერსია ორმა კომიტეტმა დაიწუნა

ამნისტიის შესახებ კანონის იმ ვარიანტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა ამ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ დაუბრუნა, პარლამენტის იურიდულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს.

პრეზიდენტის შენიშვნებზე ორმა კომიტეტმა გაერთიანებული სხდომის ფორმატში იმსჯელა. კომიტეტების წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, პრეზიდენტის შენიშვნები და ამნისტიის პროექტის მისეული ვარიანტი არ გაიზიარეს.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. კენჭისყრაზე თავდაპირველად ამნისტიის შესახებ კანონის პრეზიდენტის ვარიანტი გავა, ხოლო შემდეგ პარლამენტი კენჭს უყრის კანონის იმ რედაქციას, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სამივე მოსმენით აქვს დამტკიცებული.

აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაძლევას სჭირდება დეპუტატთა 3/5-ის მხარდაჭერა. ამის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ამნისტიის პროექტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

 

კომენტარები