საქართველოს პრეზიდენტი 26 დეკემბერს მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს შეხვდა. მამუკა დანელიასა და ზაალ გოროზიასთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა თვითმმართველობების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები დაგმო და მათ სიმტკიცისა და თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისკენ მოუწოდა.
როგორც შეხვედრაზე ზაალ გოროზიამ განაცხადა, მარტვილის გამგეობა 22 დღის განმავლობაში ბლოკირებული იყო ქართული ოცნების აქტივისტების მიერ და თანამშრომლებმა შენობაში შეღწევა მხოლოდ ერთი კვირის წინ შეძლეს. 26 დეკემბრის დილით კი პიკეტირება განახლდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, თვითმმართველობების გარშემო შექმნილი სიტუაცია „სრულიად არანორმალურია“ და „ეჭვს არ იწვევს, რომ ეს კოორდინირებულია მთავრობის და პირადად პრემიერმინისტრის მიერ“.
მიხეილ სააკაშვილი მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტმა უნდა შექმნას ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის, რადგან „პარლამენტი უნდა ჩაერთოს და გამოასწოროს ეს სიტუაცია“.
„საქართველოს მთავრობა დღეს ასხივებს არასტაბილურობას და ქაოსის სიგნალებს იძლევა. როგორ შეიძლება, მთავრობა კოორდინირებდეს ხულიგნურ აქციებს, არეულობას, ქაოსს, სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლას? მთავრობის ფუნქცია არის სტაბილურობის, ინსტიტუტების მემკვიდრეობითობის დაცვა და ხალხისთვის კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა საქმიან ვითარებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ისაუბრა ზეწოლაზე, რომლიც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებზე და პარლამენტის წევრებზე ხორციელდება: „ჯერ შედის ერთი კონკრეტული პარტიის აქტივისტების ჯგუფი, იმას შეჰყვება პროკურატურა. ერთ გამგებელს დააწერინეს განცხადება პოლიციის მანქანაში, მეორეს პროკურატურაში წინ დაუდეს ქაღალდი და უთხრეს, გიჭერთ, თუ განცხადებას არ დაწერ. ქედის დეპუტატს შვილი დაუჭირეს ნარკოტიკებზე და ასე გაიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან... ერთ დეპუტატს მანქანების ბიზნესი გაუჩერეს და ამაში გაუცვალეს ფრაქციიდან გასვლა, ერთ დეპუტატს ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრებიან, რამდენიმე დეპუტატზე საქმე აღძრეს“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, არსებობს იმის ნიშნები, რომ ამ მოვლენებმა „საქართველო შეიყვანოს პროვინციული დიქტატურის სიტუაციაში, შექმნას ქაოსი და არეულობა... ეს საქართველოს 10-15 წლით უკან დაწევს“.
თუმცა, მისი თქმით, „არსებობს ქართველი ხალხი, სამართლებრივი პროცედურები, საერთაშორისო თანამეგობრობა, და რამდენიც არ უნდა ვუკეთოთ რევერანსები ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. და ევროპულ ქვეყანაში ასეთი ქმედებებით ფონს ვერცერთი მთავრობა ვერ გავა“.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არჩეულია 2014 წლამდე. მან მთავრობა გააფრთხილა, რომ ამგვარ ქმედებებს „ძალიან გრძელი გაგრძელება არ ექნება“, თუმცა, „ეს არ იქნება კარგი ქვეყნისთის“.
„ჩვენ გვინდა სტაბილურობა და გრძელვადიანი განვითარება. და ყველამ თავის ვადებში უნდა მოახერხოს ამოცანების გადაწყვეტა, მთავრობას, პარლამენტს და ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს თავისი ვადა. და თუ მთავრობა მოინდომებს ადგილობრივი თვითმმართველობის ვადის აღმოფხვრას, ეს მთავრობა შექმნის პრეცედენტს საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამავე დროს, მისი თქმით, მას არ სურს „კონსტიტუციური სტაბილურობის დარღვევა გამოვიწვიოთ ამ მოქმედებებით“.
„ამიტომ, თუ უსუფაშვილი სერიოზულად ფიქრობს, რომ მზადაა შეაჩეროს უკანონობა, მზად ვართ ვიყოთ მისი პარტნიორები. მაგრამ, თუ ისინი ამას გააგრძელებენ, ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი და, საერთო ჯამში, საზოგადოებრივი რეაგირება. საერთაშორისო რეაგირება, სამწუხაროდ, უკვე სახეზეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან თვითმმართველობების წარმომადგენლებს საკუთარი მოვალეობის შესრულების გაგრძელებისკენ მოუწოდა და ისიც აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან ამგვარი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, „სრულ საერთაშორისო გაუგებრობაში, იზოლაციაში და დაუცველები აღმოვჩნდებით, როგორც ქვეყანა. უბრალოდ თავს მოვიჭრით ევროპისა და მსოფლიოს თვალში“.





