უმაღლესი განათლება

განათლების სისტემაში პატრიარქის როლი იზრდება

პარლამენტის ვიცესპიკერის ზვიად ძიძიგურის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, ცვლილებები შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში. ცვლილების მიხედვით, საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე კანონმდებლობით დადგენილი აკრედიტაციის წესები აღარ გავრცელდება.

საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის სხვა ნაწილებსაც: განისაზღვრება პროგრამებზე მიღებისა და გრანტის გაცემის წესი, საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში პატრიარქის უფლებამოსილება, სტუდენტთა ჩარიცხვის წესი და სხვა.

ამ ცვლილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საღვთისმეტყველო სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტები საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ჩაირიცხებიან, კათოლიკოს-პატრიარქის დადგენილი წესით. სახელმწიფო გრანტი კი კათოლიკოს-პატრიარქის წარდგინებით მიენიჭებათ.

კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი განათლების შესახებ კანონს ემატება ახალი პუნქტები, რომლებიც განმარტავს „საპატრიარქოს“, „საღვთისმეტყველო უმაღლეს განათლებას“, „საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას“ და „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს“.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონს ასევე ემატება საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების „ძირითადი მიზნების“ ამსახველი პუნქტები. მათ შორისაა „რწმენისა და ცოდნის ერთნიანობაზე, განათლების უწყვეტობასა და მემკვიდრეობითობაზე, აგრეთვე მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც ემსახურება მართმადიდებლური რწმენისა და ღირებულებების დამკვიდრებასა და განმტკიცებას“, „ზოგადქრისტიანული და ქართული მართლმადიდებლური კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების ხელშეწყობა“ და სხვა.

ცვლილებები შედის აკადემიური ხარისხის განსაზღვრის ნაწილშიც. მოქმედი კანონის მიხედვით, აკადემიური ხარისხი განსაზღვრულია, როგორც „ხარისხი, რომელიც მიენიჭება პიროვნებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი უმაღლესი განათლების საფეხურის დამთავრებისას“. კანონპროექტის მიხედვით კი, აკადემიური ხარისხი განისაზღვრება, როგორც „კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია“.

კანონპროექტისვე მიხედვით, პატრიარქი უფლებამოსილია, 2015 წლის პირველ იანვრამდე თავად განსაზღვროს უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური ხარისხის მინიჭების საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესი და მიანიჭოს აკადემიური ხარისხი მის მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე.

კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებებს საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში. მისი მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი აფუძნებს საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ამტკიცებს მის წესდებას; ამტკიცებს ამ დაწესებულების სტუდენტების სწავლის საფასურს; აკადემიური თანამდებობების დაკავების წესს; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს დიპლომის და დანართის ფორმას და სხვა. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საპატრიარქოს პრეროგატივაა - ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება გადაეცემა საპატრიარქოს.

კანონპროექტი ავალდებულებს განათლების სამინისტროს, დაამტკიცოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესი.

კანონპროექტის მიზანი „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მათი საგანმანათლებლო საქმიანობის განსხვავებული რეგულირების აუცილებლობაა“.

 

 

 

 

კომენტარები