საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: ტელევიზიის დირექტორი პუტინის რუსეთშიც არ დაუკავებიათ

დღეს საქართველოში თავისუფალ მედიაზე შეტევა ხორციელდება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 დეკემბერს საღამოს მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„კეთდება განცხადებები, რომ, თურმე, (რუსთავი-2-ს გენერალური დირექტორის) ნიკა გვარამიას დაკავება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. დიდი მადლობა! კიდევ უნდა დაგვაყვედრონ აქეთ, რომ პირდაპირ ჟურნალისტური რეპორტაჟისთვის არ დააკავეს რომელიმე ჟურნალისტი?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ვერ ვიხსენებ შემთხვევას, მაგალითად, პუტინის რუსეთში, რომელიც სრულად არათავისუფალ ქვეყნად ითვლება, რომ სადმე ტელევიზიის დირექტორი დაეჭირათ. აღარ ვლაპარაკობ ჩვენს მთავრობაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მის თქმით, „რამდენიც არ უნდა გვიყენონ პრეტენზიები ჩვენს მთავრობას“, ყველაზე მეტი ლიცენზია დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე მისი პრეზიდენტობის დროს გაიცა - გაიხსნა მე-9 არხი, მაესტრო, რეგიონული ტელევიზიები და მრავალი ბეჭდური გამოცემა.

„რა თქმა უნდა, არ იყო იდეალური სიტუაცია, მაგრამ ტელევიზიის დირექტორის დაჭერა წარმოუდგენელი ფაქტი იყო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები