პალესტინის რეზოლუცია

რეკომენდაცია პალესტინის აღიარების შესახებ: ივანიშვილი არ ადასტურებს, საელჩო უარყოფს, მირილაშვილი დუმს

საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა American Thinker-ში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ივანიშვილს გაეროში პალესტინის არაწევრ ქვეყნად აღიარება ურჩია. პრემიერმინისტრ ივანიშვილის თქმით,  საქართველოს პოზიცია პალესტინასთან მიმართებაში თანმიმდევრული იყო. მისივე თქმით, საუბარი საქართველოსა და მეგობარი ქვეყნების ელჩებთან შედგა, სადაც საქართველომ პარტნიორებს თავისი პოზიცია გააცნო. თუმცა შეხვედრებზე ვინ ვის რა უთხრა, ამის გასაჯაროება უხერხული იქნებოდა. 

ამერიკული გამოცემის თქმით, ინფორმაცია აშშ-ის ელჩის რეკომენდაციის შესახებ პრემიერმინისტრმა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელს გაბრიელ მირილაშვილს შეხვედრაზე მიაწოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ პრემიერის თქმით, აღნიშნული რეკომენდაციის ოფიციალური აუდიოჩანაწერიც არსებობდა.

ტაბულა პრემიერმინისტრის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა იქ ჩანაწერის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მოგვიანებით გავრცელდა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც პრემიერსა და ელჩს შორის ამ თემაზე შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა. 

სტატიას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. პრესსამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ელჩის რეკომენდაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, გაეროში პალესტინის არაწევრ ქვეყნად აღიარება სამშვიდობო პროცესს შეუშლის ხელს.

 ამ მომენტისთვის გაბრიელ მირილაშვილთან კომენტარისთვის დაკავშირება ვერ ხერხდება. 

გაბრიელ მირილაშვილი მიხეილ მირილაშვილის, რუსი ბიზნესმენისა და კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელის ძმა არის. მიხეილ მირილაშვილი სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე ბიზნესს ფლობდა, მათ შორის "გასტინი დვორ", "რაშენ ვიდეო", 6 კაზინოს, იყო კომპანია ლუკოილის ერთ-ერთი შტოს მმართველ კომპანიაში. ის ასპონსორებდა პოლიტიკურ პარტია "დემოკრატიულ რუსეთს", 1995 წლიდან კი იყო რუსეთის ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი. Gazeta.ru-ის შეფასებით, მისი ქონება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. მირილაშვილის შვილი და ოჯახის სხვა წევრები არიან რუსეთში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Vkontakte.ru-ის დამფუძნებლები. ვიაჩესლავ მირილაშვილი, მიხეილ მირილაშვილის შვილი, Vkontakte.ru-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, Forbes-ის რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მეასე ადგილზეა. 2003 წელს, მიხეილ მირილაშვილს რუსეთის სასამართლომ  კრიმინალური დაჯგუფების შექმნისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

კომენტარები