ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის, კახა დამენიასა და დევი კანდელაკის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"არასამეწარმეო მიზნით 2012 წლის ივლისში შექმნილi ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით იკითხებიან ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, შპს ''გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენიs'' დამფუძნებელი კახა დამენია და თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. მისი თქმით, ეს არ არის საქმე ''რომელსაც შეიძლება რაიმე კუთხით მტკიცებულებების დარგში უჭირდეს''.
"ერთადერთი, რაც ვიცი ნამდვილად, ნიკა გვარამიას თუ სხვა პირის შემთხვევაში, მთავარი არის ის, თუ რა გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მტკიცებულებიდან. აღნიშნულ საქმეს რაც შეეხება, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არ არის ის საქმე, რომელსაც შეიძლება რაიმე კუთხით მტკიცებულებების დარგში უჭირდეს", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ასევე თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან.