ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ნოემბრის კვლევის მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 65%, საშულოდ 16%, ცუდად და ძალიან ცუდად 2%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 11%-ს, ხოლო 5%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
აგვისტოს კვლევის მიხედვით, კოალიციის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებდა 23%, საშუალოდ 22%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 19%.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 14%, საშუალოდ 32%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 41%. კითხვაზე პასუხი არ აქვს რესპონდენტთა 7%-ს, ხოლო პასუხზე უარი განაცხადა 6%-მა.
რაც შეეხება აგვისტოში ჩატარებულ კვლევას, ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 37% აფასებდა, საშუალოდ 34%, ხოლო უარყოფითად 13%.
საქართველოს ჯარის საქმიანობას ნოემბერში გამოკითხული მოსახლეობის 55% დადებითად აფასებს, საშუალოდ 25%, უარყოფითად 3%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 12%-ს, ხოლო 6%-მა პასუხზე უარი განაცხადა. აგვისტოს თვეში ჯარის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად 57% აფასებდა, საშუალოდ 21%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 3%.
საქართველოს პოლიციის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად გამოკითხულთა 52% აფასებს, საშუალოდ 27%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 6%. პასუხი არ აქვს 10%-ს, ხოლო უარი განაცხადა 5%-მა. აგვისტოში პოლიციის საქმიანობას დადებითად 58% აფასებდა, საშუალოდ 23%, ხოლო უარყოფითად 4%.
საქართველოს პარლამენტის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 23% აფასებს, საშუალოდ 46%, ხოლო უარყოფითად 9%. აგვისტოს კვლევის მონაცემებით, პარლამენტის საქმიანობას დადებითად 20% აფასებდა, 41% საშუალოდ, ხოლო 16% უარყოფითად.
სასამართლოების საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 16% აფასებს, საშუალოდ 34%, ხოლო უარყოფითად 17%. აგვისტოში სასამართლოების საქმიანობას დადებითად 17% აფასებდა, 27% საშუალოდ, 18% უარყოფითად.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი 17 დეკემბერს წარმოადგინა. კვლევის საველე სამუშაოები, საქართველოს მასშტაბით, 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა და წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1,947 პირისპირ ინტერვიუს ეფუძნება.