საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საყვარელიძის ბრიუსელიდან დაბრუნებას ელოდება

დეპუტატი დავით საყვარელიძე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, ბრიუსელში მივლინებით გაემგზავრა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ დეპუტატის ბრიუსელიდან დაბრუნებას დაელოდებიან, რის შემდეგაც მას დაკითხვაზე მოწმის სტატუსით ხელმეორედ დაიბარებენ.

''თუ მას აქვს სამსახურებრივი მივლინება, ობიექტური მიზეზი, დაველოდებით და როცა ჩამოვა, ხელმეორედ დავიბარებთ", - განაცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა. 

სუხიაშვილის განმარტებით, საზღვარგარეთ გამგზავრებისა და დაკითხვაზე ვერმისვლის თაობაზე, საყვარელიძეს საგამოძიებო სამსახურისთვის არ უცნობებია.

შეგახსენებთ, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე, რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხებთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე 11 დეკემბერს დაიბარეს, თუმცა ის დაკითხვაზე არ გამოცხადდა. 

„მე, როგორც ყოფილი პროკურორი, პატივს ვცემ ყველა გამოძიებას, თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა თავისი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამიტომ პოლიტიკურ დევნას ვპასუხობ კონკრეტული საჯაროობით“, - განაცხადა საყვარელიძემ. 

კომენტარები