ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 19 დეკემბერს განახლდება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 დეკემბერს განახლდება. დღევანდელი პროცესი 4 საათს გაგრძელდა და 2 მოწმის დაკითხვის შემდეგ დასრულდა. სასამართლო სხდომის შემდეგ ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალ პროცესზე დაგეგმილია სხვა მოწმეების დაკითხვა. ამასთან, ადვოკატის თქმით, დღეს დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის მოწმეებს გამოძიების პროცესში კოპირებული ჩვენებები ჰქონდათ მიცემული. 

"სასამართლო პროცესზე მე პირველ მოწმეს სხვისი ჩვენება წავუკითხე და ვკითხე, არის თუ არა ეს მისი ჩვენება. ის დამეთანხმა. რეალურად კი სხვა მოწმის ჩვენება წავუკითხე. გამართლდა ის, რასაც ვამბობდი, რომ ჩვენებები არის კოპირებული", - განაცხადა კორძაძემ.
ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, ასევე მეორე მოწმის ჩვენებით გაბათილდა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან იარაღის სამალავს უკავშირდებოდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორების აცილება მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას აცილება მოითხოვა - რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.

ირაკლი ოქრუაშვილს და 7 პირს ბრალად წაყენებული აქვთ შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა, ყოფილ თავდაცვის მინისტრს კი ამ დაჯგუფის მეთაურობა. ასევე, მათ ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

კომენტარები