საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მაია ფანჯიკიძე: ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან რეაქცია არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ელჩების გამოწვევასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციები განმარტა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას მან პირადად გადასცა იმ ელჩების სია, რომლებიც მისი აზრით უნდა შეიცვალონ. ფანჯიკიძის განცხადებით, მათ შორის არიან ისინიც, ვინც თვითონ თქვეს, რომ არ აპირებენ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის გამო მიზანშეწონილად მიაჩნიათ თანამდებობების დატოვება. 
"ამაზე რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არ ყოფილა. მე ვაშინგტონში გამგზავრებამდე მივმართე პრეზიდენტს წერილით, რომელშიც ვუთხარი რომ ეს სია გადაცემულია ბატონ ბოკერიასთვის და ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს, ეს ქმედებები ჯერ განხორციელებული არ არის", - განაცხადა ფანჯიკიძემ. მას არ დაუსახელებია ის ქვეყნები, სადაც საქართველოს ახალ მთავრობას სურს ელჩების გამოცვლა.

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ელჩებთან დაკავშირებით კომენტარი 8 დეკემბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ "ელჩების დამტკიცება სანაცვლოდ მათ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს ციხიდან, სადაც მათი გუნდის რამდენიმე წევრი იხდის სასჯელს, თუ ელოდება პატიმრობას. ვინც დააშავა, მათ მოეკითხებათ. ელჩებს ამათთან ნუ დააკავშირებენ. მთავრობის ნორმალურ ფუნქციონირებას კრიმინალთან ნუ გააიგივებენ". 

კომენტარები