არჩევნების შემდგომ შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე, ქვეყანაში მიმდინარე და მოსალოდნელ პროცესებზე, ახალი ხელისუფლების პოლიტიკასა და მიდგომებზე, ძლიერი ოპოზიციის მნიშვნელობასა და ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივებზე ტაბულა ქალაქ თბილისის მერს, გიგი უგულავას, ესაუბრა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაფიცვები გახშირდა. დედაქალაქს მტკივნეულად შეეხო ავტობუსების მძღოლების პროტესტი. რა განაპირობებს პროტესტის ასეთ ფორმას, თან მასობრივი სახით?
რომელიმე გაფიცვას ცალკე არ განვიხილავდი, თუმცა თითოეულს თავისი გენეზისი აქვს. ასეთი მოვლენები, საქართველოს უახლოეს ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ცვლილებებს, რაიმე ტიპის მძლავრ ტრანსფორმაციას, ან თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილ სისუსტეს ახლავს თან.
ეს პროცესები დღესაც არ იყო გასაკვირი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოხდა ქვეყანაში. სხვა საკითხია, როგორ უნდა მოუაროს ამას მთავრობამ. პრობლემა ისაა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ახალი მთავრობის წევრები ამას ახალისებენ. შეუგნებლად იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება, ეს უბრალოდ წინასაარჩევნო ინერციას მოჰყვება. არადა, თუ ვინმეს უნდა აწყობდეს ამ პრობლემების მოგვარება, სწორედ მათ. წახალისების მაგალითი უამრავი იყო, დაწყებული თვითონ ივანიშვილისგან, დამთავრებული თინა ხიდაშელით, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა, რომ ეს კარგია.
ვთვლი, რომ ორ-სამ თვეში სიტუაცია კალაპოტში ჩადგება. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზარალებს ქვეყნის მოსახლეობას და ეკონომიკას. რაც უნდა სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვიდგეთ, დარწმუნებული ვარ, არც ახალ მთავრობას და არც ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლა არ უნდა. არ მგონია, რომ ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები ამაზე შეთანხმებულები არ ვიყოთ.
ორი წლის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ და თქვენ გაიმარჯვეთ თვითმმართველობისა და მერის არჩევნებში. წელს საპარლამენტო არჩევნებში პარტიას გამორჩეულად ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა დედაქალაქში. რა არის ამის მიზეზი?
თბილისი, ზოგადად, დანარჩენი საქართველოსგან ძალიან განსხვავებული ელექტორალური სივრცეა. განსხვავებული ხედვა აქვს ბევრ საკითხში, უფრო სენსიტიურია, ბევრად მეტი მოთხოვნილება აქვს თავისუფლებაზე. თბილისი არის ერთგვარი მეგაპოლისი და მისთვის დამახასიათებელია ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია ყველა ქვეყანაში დიდი ქალაქებისთვის.
ადამიანის სიცოცხლეს გამოხატავს გულის ფეთქვა. ამას ჩვენ ვუყურებთ კარდიოგრამაზე და ეს კარდიოგრამა სულ დახტის. ჩვენ რომ ვნახოთ თბილისის ჭრილში საზოგადოებრივი აზრის კვლევები, თუნდაც ბოლო 10 წელიწადი ავიღოთ, მუდმივად იცვლება კარდიოგრამულად.
ერთი ზოგადი ტენდენცია არსებობს, რომ თბილისი ყოველთვის არის ოპოზიციურად განწყობილი ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. ფაქტობრივად, გამსახურდიას მარცხი, თავი რომ დავანებოთ როგორი ფორმით იყო ეს, გამოიწვია და მოიტანა თბილისმა. შევარდნაძეს პრაქტიკულად არცერთი არჩევნები თბილისში არ მოუგია, თუ არ ჩავთვლით მასობრივ გაყალბებებს და მაგანაც ვერ უშველა.
შეგახსენებთ 1998 წლის არჩევნებს, სადაც თბილისის საკრებულოში მაშინდელმა მოქალაქეთა კავშირმა წააგო. მოიგო ლეიბორისტულმა პარტიამ. შემდეგ იყო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი გაცილებით დაბალი იყო, მაშინაც თბილისში წააგო. თუმცა ის ნაციონალური არჩევნები იყო და თბილისი ცალკე არ ითვლებოდა. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ანალოგიურად მოხდა. 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მაშინდელმა მმართველმა პარტიამ საერთოდ ძლივს გადალახა ბარიერი და რეალურად პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე გავიდნენ ოპოზიციური პარტიები.
2003 წლის არჩევნები ამის კლასიკური მაგალითი იყო. მაშინაც ოპოზიციური იყო თბილისი. შემდეგ უკვე, რაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, თბილისი ასევე მუდმივი ცვლილებებით გამოირჩეოდა. პირველ ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს იყო იმ უტყუარი ცვლილებების შედეგი, რომელიც იმ ორ წელიწადში მოხდა. ვგულისხმობ, პირველ რიგში, ელემენტარული პრობლემების მოგვარებას. მაშინ აქ დენის გრაფიკი იყო და აღარ მოვყვები რა იყო კიდევ.
ამის გარდა, მოხდა ძლიერი პოლიტიკური ცვლილებებიც. ქვეყანამ იგრძნო, რომ სახელმწიფოდ დგება, რაც გამოიხატა აჭარის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებით და ასლან აბაშიძის განდევნით. ყველა ამ წინაპირობის გათვალისწინებით, დაახლოებით 60-65% ავიღეთ, მაგრამ ერთი წლის მერე რეიტინგი პრაქტიკულად განახევრებული იყო. წელიწადისა და რამდენიმე თვის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ უფრო ნაკლები ხმა, ვიდრე ახლა, აბსოლუტურ ციფრებში ვამბობ და არა პროცენტებში. დაახლოებით წელიწად-ნახევარში მოხდა ძალიან დიდი ვარდნა.
რამდენიმე თვის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა, მაშინ ჩვენ ავიღეთ 43%, რაც აბსოლუტურ ციფრებში დიდი ნამატი არ იყო. ოპოზიციური ელექტორატი მაშინ იმედგაცრუებული იყო, გაპასიურდა, მაგრამ ეს ელექტორატი მაინც არსებობდა. უბრალოდ, მას არ ჰყავდა მოტივატორი, რომ გამოსულიყო და ხმა მიეცა.
შემდეგ იყო კიდევ უფრო დიდი ვარდნა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მათ შორის ახლა. ვგულისხმობ 2009 წელს, ომის შემდგომ პერიოდში, გაზაფხულზე, როცა 3 თვის განმავლობაში თბილისი პრაქტიკულად პარალიზებული იყო. მაგ დროს მმართველი პარტიის რეიტინგი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ახლა. ამის შემდეგ კიდევ აღმასვლა იყო.
ჩემი ნალაპარაკევი რომ გადაიტანოთ ციფრებში, ნახავთ, რომ გამოვა ერთი დიდი კარდიოგრამა, რომელიც დახტის. შემდეგ იყო 2010 წლის მერის პირველი პირდაპირი არჩევნები და ჩვენ 55%-მდე ავედით. სულ ბოლო არჩევნებზე კი, აბსოლუტურ ციფრებში რომ ვთქვათ, დაახლოებით 70,000 ხმა დავკარგეთ იმასთან შედარებით, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე. თუ დინამიკაში შევხედავთ, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. ის გვაჩვენებს, რომ თბილისი ყოველთვის ოპოზიციურია ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ეს არის თბილისის სიცოცხლის ნიშანი.
იმის გამო, რომ დედაქალაქში ნაციონალურმა მოძრაობამ ასეთი მარცხი განიცადა და ყველა მაჟორიტარული მანდატი დათმო, საზოგადოების ნაწილში ჩნდება რევანშისტული განწყობები, რომ ქალაქ თბილისსაც ქართული ოცნება უნდა მართავდეს. პოლიტიკური მოთხოვნები გაისმა მძღოლების გაფიცვისასაც. ქართული ოცნების დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში მერიას ფინანსური შემოწმებით დაემუქრა. თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია ზეწოლა მერიაზე?
ეს ყველაფერი დაწყებულია. მაგალითად, გუშინ თბილისის მერიის რამდენიმე კონტრაქტორ კომპანიაში შეცვივდნენ. მეგონა, კუდ-ი გააუქმეს, თურმე მუშაობს.
დეტალებში არ შევალ, უფრო ზოგად ჭრილში შემიძლია დავინახო პრობლემები, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ივანიშვილს, ჩემი აზრით, ჰქონდა ორი არჩევანი: ერთი არის რევანშის, მეორე არის დემოკრატიის. მას შეეძლო აერჩია დემოკრატიის განვითარების გზა, და ამ გაგებით, ის გახდებოდა (და ჯერაც აქვს შანსი, გახდეს) ამ ქვეყნის დამფუძნებელი მამა, ამ სიტყვის ამერიკული გაგებით. სააკაშვილთან ერთად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მან დაიწყო ეს პროცესი.
არჩევნებით ხელისუფლების გადაცემა და ჩანაცვლება ის პრეცედენტია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არ ახსოვს. სააკაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მიიღოს დემოკრატიის თამაშის წესები. მეორე გზა უფრო მაცდურია და, როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ის აირჩია – რევანში. ეს არის ის სპირალი, რომელიც შეიძლება არც არასდროს დასრულდეს და თუ დამთავრდება, მისთვის კრახით დამთავრდება. მას არავინ ჩივის – ქვეყნისთვის. ამ გზასაყარზე იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა. მე სწორედ ამ კონტექსტში შევხედავდი იმ მკაცრ კრიტიკას, რომელიც ორი დღის წინ მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნისგან, საპარლამენტო ასამბლეისგან, ბაროზოსგან, რომპეისგან და ასე შემდეგ.
ივანიშვილმა ჩაიბარა არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატია. ამ არჩევნებით დამთავრდა ყოველგვარი საუბრები ტირანიაზე, დიქტატურაზე, ავტორიტარიზმზე, იმიტომ რომ ტირანია არასდროს არ გადასცემს ხელისუფლებას არჩევნების გზით.
ივანიშვილი პირველი დღეები იყო გაკვირვებული გამარჯვებით, შემდეგ აღვსილი რევანშით. მას წარმოუდგენლად მიაჩნია განსხვავებული აზრის არსებობა, ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის ფუნქციონირება. წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ის, რაც მას არ მოსწონს, ქალაქში იდგეს. იქნება ეს ხიდი, თუ თეატრი. მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ სოლოლაკის ქედიდან რომ გადმოიხედავს ავლაბრის ქედზე, სხვა, მისი მეტოქე იჯდეს, წარმოუდგენლად მიაჩნია, მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერი მივიდეს და მას რაღაცა სთხოვოს, წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიცია, განსხვავებული აზრის მქონე, ხმას იღებდეს. წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ვინმე მას, როგორც მზეს, არ უყურებდეს და, შესაბამისად, მას გაუგებრად მიაჩნია, რომ თვითმმართველობა არ ემორჩილებოდეს.
სწორედ თვითმმართველობისადმი დამოკიდებულებაზე მინდოდა გაგრძელება. რაზე მიუთითებს, პრემიერი ქალაქის მერს სუბორდინაციისკენ რომ მოუწოდებს და როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?
ნამდვილად არ ვარ დესტრუქციულად განწყობილი, თუნდაც ჩემთვის ღირებულებებით ფუნდამენტურად მიუღებელი ადამიანის მიმართ. პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს. უამრავი ურთიერთგადამკვეთი საკითხი არსებობს, რომელიც ერთობლივად უნდა მოგვარდეს თბილისის მერიასა და ცენტრალურ მთავრობას შორის. მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები, როდესაც ეს ეხება თბილისელების ინტერესებს, ყოველგვარი პოლიტიკური განსხვავება გვერდზე გადავდო. უამრავი სამეურნეო საკითხია, რომელიც არ უნდა გადაჰყვეს პოლიტიკურ კინკლაობას. კარგი მაგალითი იყო ავტობუსების თემა.
მზად ვარ, ნებისმიერი საკითხი განვიხილო იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ეს იქნება მისაღები მთავრობისთვის. ოღონდ არის რამდენიმე წინაპირობა. ის, რომ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ წესებს, კანონებს, რომ არსებობს განსხვავება თვითმმართველობასა და ცენტრალურ მთავრობას შორის. მას აქვს თავისი კომპეტენციები, ჩვენ გვაქვს ჩვენი კომპეტენციები. კანონით მინიჭებულ კომპეტენციებში, მზად ვარ ვითანამშრომლო, ბუნებრივია. როდესაც თანამშრომლობის საპასუხოდ იღებ ჭკუის სწავლებას, კი ბატონო, გვასწავლოს ჭკუა, არც ამაზე მაქვს პრობლემა, ოღონდ საკითხი, რაც დგას, გადაწყდეს. ნოტაციებიც შეგვიძლია მოვისმინოთ, მაგრამ ღვარძლი და დამცირება არ არის ის მეთოდი, რომელსაც საზოგადოება ან რომელიმე პიროვნება აიტანს.
უნდა გვესმოდეს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობას წინა ხელისუფლებამ მთლიანად გადაულოცა უფლებამოსილება. ვინაიდან პრეზიდენტი პრეზიდენტად რჩება და იმავე კონსტიტუციურ ნორმაში ვართ, რომელშიც აქამდეც ვიყავით, იყო საუბრები კოალიციურ მთავრობაზე. მაშინ ითქვა ზუსტად, და მეც ამ აზრზე ვიყავი, რომ არ უნდა იყოს კოალიციური მთავრობა. თუმცა ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ, რაც ხალხის მიერ იყო არჩეული, ის ფეხქვეშ გათელონ. ეს არ ხდება იმის გამო, რომ ვინმეს რაიმეს ამბიცია აქვს.
თვითმმართველობას პრობლემები აქვს რეგიონებში. წალკაში იყო ზეწოლის უკანასკნელი შემთხვევა. ეს პროცესები წახალისებული ხომ არ არის?
სამწუხაროდ, ღიად წახალისებულია. ვერ დავაბრალებ, რომ მაინცდამაინც ივანიშვილმა უთხრა, წადით ახლა წალკაში და გამგეობაში ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრები არ შეუშვათო. თბილისთან მიმართებაში კი, ეს მისი პირადი ვენდეტაა.
უფრო ზოგად ჭრილში რომ შევხედოთ ამ საკითხს. ივანიშვილის მთავარ პრობლემას ერთი რამ წარმოადგენს. მას წარმატების მიღწევა შეეძლო, საინტერესო ახალგაზრდა ადამიანები, ან თუნდაც ქართუ ბანკის თანამშრომლები, ყველა რომ ჩაესვა სიაში. მოიყვანდა გაცილებით უფრო ზნემაღალ, დალაგებულ, ჯანსაღი პოლიტიკური ღირებულებების მქონე არამერკანტილურ ადამიანებს. დღეს რა სურათი მივიღეთ? ყველაზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, რევანშისტულად, რეგრესულად, შავბნელურად განწყობილი ადამიანები მოიყვანა, დასვა და ამბობს, რომ წელიწად-ნახევარში წავა.
თუ წავა, ამ ხალხს ვის უტოვებს? ვინც ამან გააცოცხლა, ვის რაში სჭირდებოდა? ახლა არ ჩავყვები სიას, რომ გადახედავ პარლამენტს, გული გაგისკდება. ივანიშვილი თავის მემკვიდრეებად ტოვებს ამ ხალხს. გაცილებით საინტერესო ხალხის შესაკრებად ადამიანური რესურსიც ჰქონდა, პოლიტიკურიც და ფინანსურიც. შეეძლო სტანდარტი აეწია. ენახებინა, რომ აი, გაცილებით უკეთესი ხალხი მოვიყვანე, ვიდრე ნაციონალური მოძრაობაა. დღეს სტანდარტის რეგრესის გზით მივდივართ და არა პროგრესის. პოლიტიკური სპექტრი ბევრად დამძიმდა. ეს დღეს ივანიშვილს ხელფეხს უკრავს. საბოლოო ჯამში, რაც უნდა მზედ მიაჩნდეს თავი, იმ რევანშისტული ჯგუფების მძევალია, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ღვარძლს აფრქვევს.
სოციალური პროგრამების თემასაც შევეხოთ. დღესდღეობით შეჩერებულია სხვადასხვა ტიპის დახმარება, თუ არ ვცდები, 600,000-მდე ადამიანისთვის. მთავრობამ თქვენ დაგაკისრათ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე და თქვა, რომ ამ ხარჯების გადაბარება ცენტრალური ბიუჯეტისთვის იყო უკანონობა. რატომ მოხდა ეს გადაბარება და რა ბედი ეწევა ამ დახმარებებს?
ეს სწორედ ის საკითხი იყო, რომლის განხილვაც ვთხოვე მთავრობას და სამწუხაროდ, ვერ მოიცალეს. ვიტოვებ იმედს, რომ შევძლებთ საერთო ენის მონახვას. მესმის იმათი არგუმენტებიც, თუმცა კარგად იციან, რომ სამართლებრივად არასწორი არიან.
გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ლოგიკას, რომელზე მუშაობაც უკვე ორი წელია მიმდინარეობს. გვინდოდა, ერთიან სისტემაში მოქცეულიყო სოციალური დახმარებების პაკეტები. ძირითად ნაწილში მაინც. გადაწყვეტილება არჩევნებამდეც იყო მიღებული, უბრალოდ, ფორმალურად მერე გაფორმდა.
საბოლოო ჯამში, ეს მთავრობაც მივა აქამდე. როდესაც ვლაპარაკობთ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევაზე, რაც ქართული ოცნების დეკლარირებული სურვილია, მე და თქვენ ვერ გვექნება სახელმწიფოსგან სხვადასხვა პაკეტი. მათი სინქრონიზაცია უნდა მოხდეს და ა.შ. ბევრი თემაა, რომელიც ამ ლოგიკას ეფუძნება.
მაინც მგონია, რომ როდესაც ეს ემოციები ჩაცხრება, შევძლებთ რაღაც გონივრული გამოსავლის მოძებნას. ახლა უბრალოდ პოლიტიკური „მუსკულების” დემონსტრირება ხდება, რისი ნათელი დადასტურებაც იყო მთავრობის სხდომა. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია დაწყნარდება. მიხვდებიან, რომ თვითმმართველობა თვითმმართველობაა და მას არ უნდა ებრძოლო.
ამას წინათ მოვისმინე ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის ინტერვიუ, რომ თვითმმართველობის გაძლიერება სურთ. იმედი მაქვს, რომ ეს სურთ ახლა და არა აბსტრაქტულად. ამისთვის რამდენიმე რამ არის საჭირო, მარტო არჩევითობა არ კმარა. თუმცა ეს პროცესი ჩვენ უკვე დავიწყეთ. მეორე არის საბიუჯეტო დამოუკიდებლობა.
არის კიდევ მთელი რიგი საკითხები. ჩემი აზრით, წინადადება გუბერნატორების არჩევითობაზე მნიშვნელოვანია, უბრალოდ არ არის აუცილებელი, რომ ყველა ამ პოზიციაზე ერთდროულად იყოს არჩევნები. ეს შეიძლება ლოგისტიკურად უფრო რთული და მეტად ხარჯიანი იყოს. ამერიკაშიც ასეა, მუდმივად უნდა იყოს არჩევნები. ერთ წელს შეიძლება იყოს თბილისის მერის არჩევნები, მომდევნო წელს – კახეთის გუბერნატორის და ა.შ. პარტიები, შესაბამისად, იძულებული იქნებიან, იყვნენ ფორმაში. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გამოირიცხოს, რაც ახლა მოხდა – გამარჯვებულ პარტიას რომ ყველაფრის ხელში აღება უნდა. მოიგე საპარალამენტო, მაგრამ ვიღაც კახეთშია გუბერნატორი სხვა პარტიიდან, ვიღაც კიდევ იმერეთში. ასე უნდა იყოს, რომ winner takes all გამოირიცხოს. ყველაფრის მისაკუთრება არასწორია, ამას უთხრა ხალხმა უარი და აღარ უნდა განმეორდეს.
უკანასკნელი პერიოდის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ნიგვზიანის მოვლენები იყო. რამდენად ადეკვატური იყო მთავრობის მოქმედება?
თუ ვინ აიღო ლიდერობა ამ სიტუაციაში, ამით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, საითკენ შეიძლება წავიდეს სიტუაცია. ინიციატივა დუმბაძემ და ბესელიამ აიღეს, რომლებიც აზროვნებით ახლოს დგანან ფაშიზმთან. მათთვის რელიგიის თავისუფლება ღირებულება არაა. პოლიტიკური კონიუნქტურით მოქმედებენ, ესმით მხოლოდ ის, რომ ეს საკითხი უნდა განიმუხტოს.
ნიგვზიანში, სულ მცირე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყო. ფაქტია, რომ ამ ადამიანების უფლებები იზღუდებოდა და სახელმწიფომ ამ სიტუაციაში გვერდზე გადგომა არჩია...
არა მარტო ნიგვზიანში, სახელმწიფო, პოლიცია, გვერდზე გადგა წალკაში, თეთრიწყაროში, მათ შორის აქ, როდესაც იყო შემოცვენა და ა.შ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბევრი მაგალითი დაგროვდა. ერთი შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი ამ წუთას სუსტია და ოპერატიულად ვერ რეაგირებს. მეორე მხრივ კი, ვხედავთ, რომ იმ საკითხებში, რაც აინტერესებთ, აქტიურები არიან. დღეს, მაგალითად, ძველი თბილისის გამოფენა იყო დანიშნული. ვინც მუშაობდა, მოხვეტეს, დალუქეს, დაიბარეს და ნახევარი ხალხი ვერ მოვიდა. შპს არსაკიძედ გადაიქცა პროკურატურა.
რაღაც ნაწილში, რაც მათ რევანშისტულ განწყობას ემთხვევა, ადმინისტრირებას აკეთებენ. სახელმწიფოს ფუნქციონირების ნაწილში, ნიგვზიანი ავიღოთ, წალკა, თეთრიწყაროს ინციდენტები, სამარცხვინო იყო მათი ქმედება. ეს ტენდენცია იკვეთება. თუნდაც ის დანიშვნებიც ავიღოთ, მოადგილეების დონეზე შსს-ში. ეს ერთი მხრივ დეჟა ვუა, ეს ხალხი მართავდა პოლიციას და არასდროს იცავდა ადამიანის უფლებებს.
იგეგმება საკმაოდ მასშტაბური ამნისტია, ამავე დროს, ციხეში არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა, პატიმრები დაუმორჩილებლობას აცხადებენ. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება იმოქმედოს ამ ყველაფერმა ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობაზე?
ძალიან მძიმე იყო ის, რაც ციხეში ვიხილეთ. გულწრფელად გეტყვით, ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე საზოგადოებამ დასაჯა და სწორიც არის. ეს იქნება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ჭკუის სასწავლებელი, რომ, როცა მართავ, დახურული სისტემები არ უნდა არსებობდეს. პრობლემა ასეთი მასშტაბური თუ იყო, ვერც წარმომედგინა. ეს მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნაწილები იქ ჰიპერბოლიზებული, დადგმული იყო. მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ დაიჯერა საზოგადოებამ, მათ შორის, დადგმული რაც შეიძლება იყო, რომ ამის საფუძველი ჰქონდა.
ამნისტიის თემა ფაქიზია. საზოგადოების ინტერესია იყოს სუფთა და არაკრიმინალური გარემო, რაც დღეს გვაქვს. ხელაღებული ამნისტია არ მგონია სწორი იყოს, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მე რაც დავითვალე, იმ მუხლების მიხედვით, რაზეცაა საუბარი, 5-დან 8 ათასამდე ადამიანს შეეხება. საკმაოდ დიდი რაოდენობაა, დაახლოებით ერთი მესამედი.
ერთ სტატისტიკას გეტყვით და თუ ის შევინარჩუნეთ, საზოგადოებისთვის ამნისტია არ იქნება პრობლემა. 2004-2006 წლების რეციდივის სტატისტიკა რომ შევადაროთ შეწყალებულების თუ ამნისტირებულების 2010-2011 წლის სტატისტიკას, მაშინ 50% იყო რეციდივი, ხოლო ბოლოს – 10-20%. თუ ეს სტატისტიკა, დინამიკა ვერ შევინარჩუნეთ და მივიღეთ წინა სურათი, რის ალბათობასაც ვხედავ, ეს პრობლემად იქცევა.
თუ საზოგადოება გაიზარდა ამ მხრივ, მაშინ სიტუაცია არ დამძიმდება, მაგრამ, თუ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ აქტიური ბრძოლა იყო კრიმინალთან და ეს ბრძოლა შესუსტდა, მაშინ შეიძლება სერიოზული პრობლემები იყოს დანაშაულის მატების თვალსაზრისით. გულწრფელად მსურს, რომ რეციდივის მაჩვენებელი დაბალი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს.
ამ პროცესებში დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერი ოპოზიციის არსებობას. საქართველოს არ აქვს ძლიერი პარტიული სისტემა და არც არასოდეს ჰყოლია ძლიერი ოპოზიცია. რამდენად მოახერხებს ამას ნაციონალური მოძრაობა?
ნაციონალური მოძრაობა ამ თვალსაზრისითაც ლიდერი აღმოჩნდა. ზვიად გამსახურდიასთან ერთად გაქრა მრგვალი მაგიდა, შევარდნაძის მმართველობის დასრულებასთან ერთად გაქრა მისი პარტია. ნაციონალური მოძრაობა დასავლური გაგებით უკვე პარტიაა, პოლიტიკურ ცხოვრებას ოპოზიციაშიც აგრძელებს. მომდევნო წლებში ის იქნება ერთგვარი მონოპოლისტი ოპოზიციურ ფლანგზე. ბუნებრივია, ბევრი ადამიანი იყო მიტმასნილი. როცა 9 წელი ხარ ხელისუფლებაში, ზოგი შენთან იმიტომ არის, რომ ხელისუფლებაში ხარ. ეს ხავსი უნდა ჩამოიხსნას.
ოპოზიციის გზა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიაროს. როგორც დემოკრატიული შეიძლება ეწოდოს ქვეყანას, თუ მინიმუმ ორჯერ არჩევნებით გადაეცემა ხელისუფლება, ასევე პარტიის ძალა იმით კი არ განისაზღვრება, ხელისუფლებაში რამდენ ხანს იყო, არამედ იმით, შეძლო თუ არა მან გადარჩენა, ბრძოლა და არჩევნებით უკან დაბრუნება ოპოზიციური ფლანგიდან.
ჩვენ შევქმენით ხელისუფლებაში ყოფნის ერთგვარი სტანდარტი, პლუსმინუსებით. დღეს ვქმნით ოპოზიციური მოღვაწეობის ახალ სტანდარტს და ისტორიას საქართველოში. ამიტომაც არის ასეთი გააფთრებული ბრძოლა. ეს არანაკლები გამოცდაა, არანაკლებ რთულია, ვიდრე იყო ხელისუფლებაში ყოფნა და მართვა. აქამდე ოპოზიცია იქცეოდა, როგორც უპასუხისმგებლო. მერე რა, რომ თანამდებობაზე არ იყო? ვიქნებით თუ არა თანამდებობაზე, უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი ძალა.
რა აჩვენა პარტიას მარცხმა, რამდენად გააანალიზა მან საკუთარი შეცდომები და აქვს თუ არა რესურსი ნაციონალურ მოძრაობას, გარკვეულ ადამიანებთან და ჯგუფებთან კავშირი აღადგინოს?
ამის რესურსი პარტიას აქვს. ჯერ ორი თვეა გასული და კვლავ სჭირდება დრო იმას, რომ ყველაფერი გააანალიზო. თავისი ხიბლი აქვს ოპოზიციაში ყოფნასაც. ჩემთვის მძიმე ტვირთი იყო ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური ქალაქის არჩეულ მერად ყოფნა. ამ გაგებით, დღეს ბევრად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში ვარ. დავუბრუნდები თბილისელების განწყობილებას, მაშინაც მე მქონდა შიდა ოპოზიციის ფუნქცია, ყოველთვის რაღაცაზე ვჩხუბობდი – ეს ასე გავაკეთოთ, ეს ისე გავაკეთოთ. დღეს ამის საშუალება მაქვს ღიად, ამაზე ბედნიერება რა შეიძლება იყოს.