საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

მოჭიდავეები ლევან ბერძენიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

ქართველი მოჭიდავეები უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც მან 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევებში მოჭიდავეთა მონაწილეობაზე ისაუბრა. ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ბერძენიშვილის განცხადების გამო პროტესტი გამოთქვეს და მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

როგორც ტაბულას ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ განუცხადა, მოჭიდავეები პოლიტიკოსის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მას ბოდიშის მოხდას სთხოვენ.

- ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციების დარბევაში, მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რის საფუძველზე საუბრობდა, უპასუხა, რომ დამრბევთა დგომა, მოჭიდავისას წააგავდა. ჩვენი აზრით, ასეთი განცხადება არასერიოზულია. გასაგებია, რომ შესაბამის ძალოვან სტრუქტურაში შესაძლებელია, ყოფილი მოჭიდავე მსახურობდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბერძენიშვილს კონკრეტული ფაქტები გააჩნია, აქციის დარბევაში არასამსახურებრივად მონაწილე რომელიმე მოჭიდავის ან მოჭიდავეების მონაწილეობის შესახებ, მოვითხოვთ, რომ ეს ფაქტები დადოს. ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, გარკვეული ადამიანებისთვის საფუძველი გახდა, რომ მოჭიდავეები არასასიამოვნო კონტექსტში მოიხსენიონ. აქიდან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ საჯაროდ მოგვიხადოს ბოდიში.

ჯორბენაძის განცხადებით, ქართველი მოჭიდავეების მიზანი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნა, სპორტული წარმატებებით მათი გახარება და იგი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში შეწყდება ამ აბსურდული თემით მანიპულირება.

კომენტარები