საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

კურტანიძე: მარსაგიშვილს და მაქარაშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესჯებათ

msy.gov.ge

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის გადაწყვეტილებით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - დავით მარსაგიშვილი და იაკობ მაქარაშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან. 

მოსკოვში გამართულ ტურნირში ჭიდაობაში - ერთა თასზე, მარსაგიშვილს და მაქარაშვილს მონაწილეობა არ მიუღიათ, სწორედ ეს გახდა დისკვალიფიკაციის მიზეზი. საქართველოს ნაკრებები კი ფინალში გავიდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

"რომ არა ამ ორი მოჭიდავის უპასუხისმგებლობა, დღევანდელ პრესკონფერენციას "ევროპის ერთა თასის" მოგებას მივუძღვნიდით. მათ პირადი ინტერესები ნაკრების ღირსებაზე მაღლა დააყენეს და ამის გამო მეორე ადგილს დავჯერდით. იაკობ მაქარაშვილისა და დავით მარსაგიშვილის 6-თვიან დისკვალიფიკაციას ხელი უკვე მოვაწერე. 17 დეკემბერს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება და იქ გადაწყდება, ეს ვადა ძალაში დარჩება თუ გაიზრდება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დასჯილი სპორტსმენები საქართველოს და ევროპის ჩემპიონატებს გამოტოვებენ. ნაკრებთან ერთად ვარჯიშის უფლებას კი, რა თქმა უნდა, არ ვართმევთ", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით მარსაგიშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო იაკობ მაქარაშვილმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა.

კომენტარები