საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს 15 დეკემბერს აირჩევენ

თვეზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ყიფიანმა სპორტულ ფედერაციათა დეპოლიტიზაციის თემა წინ წამოწია. ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად მეცხრე არხის აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური დაინიშნა, თუმცა გაურკვეველია ძიუდოს, კრივის და სხვა ფედერაციების ხელმძღვანელთა ვინაობა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 10 დეკემბერს გაიმართება, ხუთი დღის შემდეგ კი პრეზიდენტს ჭიდაობის ფედერაციაში აირჩევენ. როგორც იცით, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი კახა გეწაძე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს და 20 000 ლარის გადახდის შემდეგ, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. ცნობილია, რომ გეწაძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

კანდიდატების რეგისტრაცია 14 დეკემბერს დასრულდება, თუმცა კულუარებში პრეზიდენტობის მსურველების შესახებ უკვე საუბრობენ. ლექსო მოდებაძის, გეგა გეგეშიძის და რამაზ ნოზაძის გარდა, შესაძლოა კანდიდატურა ლუკა კურტანიძემაც დაასახელოს. გაზეთ ლელოს ინფორმაციით, კურტანიძემ მედიასთან საუბარში კულუარებიდან სააშკარაოზე გამოიტანა საკუთარი სურვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მოჭიდავეები  ქართული ოცნების წევრსა და მაჟორიტარობის დეპუტატს ლუკა კურტანიძეს აირჩევენ, ეს ფაქტი ყიფიანის მიერ გაცხადებულ ფედერაციათა დეპოლიტიზაციის აუცილებლობას ხელს ნამდვილად შეუშლის.

კომენტარები