გიგი უგულავა

უგულავა: შექმნილი კლიმატი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ყველაზე დიდი მტერია

"შექმნილი კლიმატი, სადაც წახალისებულია ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ყველაზე დიდი მტერია", - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე ბიზნესკონფერენციაზე.
უგულავას თქმით, უკვე საერთაშორისო დონეზე კეთდება შეფასება იმისა, რომ საქართველოში სელექციური მართლმსაჯულების გამოყენება ხდება. 
"2010 წლის კრიზისის შემდეგ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარმა ამობრუნება დაიწყო. 2012 წლისთვის ის უკვე დასტაბილურდა და დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ. ჩემი აზრით, ჩვენს მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ის, რომ პოლიტიკურმა პროცესებზე ზეგავლენა არ მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ კუთხით რამდენიმე პრობლემა იკვეთება. ვფიქრობ, იმაზე უფრო დიდ პრობლემას, ვიდრე ყოფილი მაღალჩინოსნების თუ პოლიტიკური ოპონენტების დევნაა, ის საერთო კლიმატი წარმოადგენს, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ვგულისხმობ კლიმატს, სადაც წახალისებულია ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ. ესაა ყველაზე დიდი მტერი ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების", - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ის, როგორც დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი, მზადაა, ყოველდღიურად, ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, რაც ქალაქის განვითარების და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვისაა საჭირო. 

კომენტარები