ფანჯიკიძის ვიზიტი აშშ-ში

მარშალის ფონდში ფანჯიკიძე მწვავედ გააკრიტიკეს

"ნება მომეცით, არ დავეთანხმო თქვენ მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაჭერები საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუშლის ხელს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ვაშინგტონში, მარშალის ფონდში გამართულ შეხვედრაზე, სადაც  დისკუსიის მონაწილე დიპლომატებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა  საგარეო საქმეთა მინისტრს მიუთითეს , რომ საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებებმა შესაძლოა ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია შეაფერხოს.

შეხვედრის უცხოელმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე დაპატიმრებებზე გაამახვილეს. განსაკუთრებით კი იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეში უფრო მეტი ადამიანი დააპატიმრა, ვიდრე უკრაინის ავტორიტარულმა მთავრობამ 2 წლის მანძილზე. "მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანების დაპატიმრებას, დემოკრატიულ ქვეყანებში, როგორც წესი, 2-3 წელი სჭირდება, საქართველოში კი ახალი მთავრობის პირობებში გამოძიებამ დაკავება სულ 20 დღეში მოახდინა", - აღნიშნეს მათ.

ამ თემას დისკუსიის მანძილზე არაერთხელ დაუბრუნდნენ. გამომსვლელთა აზრით, დაჭერები რაოდენობრივად, ხარისხობრივად და პროცედურულად უამრავ კითხვას ბადებს. "როგორც ჩანს, ვნებები ჯერჯერობით არ დამცხრალა. ახალი მთავრობამ ჯერაც  ვერ დააღწია თავი წინასაარჩევნო კამპანიისათვის დამახასიათებელ რიტორიკას. გამარჯვებულები ასე არ იქცევიან", - აღნიშნა Weekly Standard-ის მთავარმა რედაქტორმა კრისტოფერ კალდუელმა. 
მონაწილეებმა უკმაყოფილება საქართველოს ახალი  ხელისუფლების დასავლურ მედიასთან დამოკიდებულების გამოც გამოთქვეს. "Financial Times, New York Times, Washington Post, Weekly standard... პრესა სულელი არ არის, როგორც მოგეხსენებათ. გთხოვთ, ჩვენი კრიტიკა მეგობრის რჩევად აღიქვათ. ამერიკას, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას სრული უფლება აქვს კითხვები დასვას. სხვა რომ არაფერი, ამერიკის არსებობის მანძილზე, ერთ სულ მოსახლეზე გაცემულ დახმარებებს შორის საქართველო პირველ ადგილზე დგას", - განუცხადეს აშშ-ის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ საქართველოს ახლადარჩეული მთავრობის პირველ წევრს.

კრიტიკის პასუხად მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობას სულ რამდენიმე კვირის წინ შეუდგა. "შეცდომებისგან, ან არასწორი გამონათქვამებისგან დაზღვეული არ ვართ. მადლობელი ვარ კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული კრიტიკისთვის. მერწმუნეთ, ჩვენ ერთი დღეც არ გვქონია თაფლობისთვე. კრიტიკას მუშაობის პირველი დღეებიდან შევეჩვიეთ, და ეს კარგია. რამდენიმე თვეში ჩვენ კიდევ შევხვდებით და ძალიან გთხოვთ, მოდით, ახალ მთავრობაზე მიღწეული შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ. ჯერ ძალიან ადრეა თითოეული ნაბიჯის კრიტიკა. ამის დრო და შესაძლებლობა ჩვენ მოგვიანებით გვექნება", - განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები