დაკავებები

ძიძიგური: წულუკიანის და კბილაშვილის საქმე პოლიტიკური განცხადებების კეთება არ არის

გუშინ, 30 ნოემბერს, ქართული ოცნების წევრმა, დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა რადიო პალიტრის გადაცემა რეზიუმეს ეთერში განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს საერთოდ არ უნდა აკეთებდნენ.
„მათ უნდა დაივიწყონ, რომ არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით იმ მიმართულებაზე, რა მიმართულებასაც ისინი ახლა სათავეში უდგანან“, – აცდადებს ძიძიგური.
დეპუტატი მათ მოუწოდებს, რომ „მხოლოდ მშრალი კანონის მიხედვით“ გასცენ პასუხი საზოგადოებას და არ გამოამჟღავნონ თავიანთი „ემოციურ დამოკიდებულება“  საქმეების მიმართ. 
„ეს არ არის სწორი და ეს მითქვამს შიდა წრეშიც. არ არის იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის საქმე პოლიტიკური განცხადებების და შეფასებების კეთება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ზვიად ძიძიგური 29 ნოემბერს ზესტაფონის გამგებელისა და ყოფილი დეპუტატის კახა გეწაძის დაკავების კადრებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ არ უნდა ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, ეს მართლა არ უნდა ხდებოდეს. 
„მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, კახა გეწაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, თუ რას აკეთებდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რომ გამართლდეს ის კაცი, მისი ღირსება ხომ არის შელახული. დავუშვათ არ გამართლდა და დამნაშავეა, მას თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან და არა ღირსების შელახვას. არ გვინდა ღირსებაზე შეხება“,  – განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ასეთი დაკავებების კადრების გავრცელება წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა, რათა „საზოგადოების ერთგვარი ფსიქოლოგიური დათრგუნვა“ მომხდარიყო. ახალ მთავრობას კი ასეთი სცენები „არაფერში სჭირდება“.
საქართველოს მთავარი პროკურორი გუშინვე გამოეხმაურა დეპუტატ ძიძიგურს ტელეკომპანია მაესტროს ეთერით და განაცხადა, რომ საკუთარ განცხადებებში ის ყოველთვის სამართლებრივ შეფასებას აკეთებს. კახა გეწაძის დაკავების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით კი კბილაშვილი აცხადებს, „ამ შემთხვევაში სატელევიზიო დაპატიმრებასთან საქმე არ გვქონია“ და კადრები ჟურნალისტების მიერ იყო გადაღებული.

კომენტარები