თეა წულუკიანი

წულუკიანი: გამგებელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე პატარა "გრეჩიხას"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო უმცირესობის წევრების ბრალდებას გამოეხმაურა შერჩევითი სამართლის შესახებ. მისი თქმით, დეპუტატსა და გამგებელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე პატარა "გრეჩიხასა" და ჟურნალისტ ეკა ბერიძის ვაჟს. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ იმავე ბრალდების გამო, რაც ზესტაფონის გამგებელსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კახა გეწაძეს აქვს წაყენებული, ეკა ბერიძის ვაჟსა და ლევან გაჩეჩილაძის შვილს პატიმრობა არ შეეფარდათ. 

"ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, პატარა "გრეჩიხა" არც გამგებელია და არც დეპუტატი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა გამგებელსა და დეპუტატს, გაითავისონ თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მათ. ნუ წუწუნებენ და ნუ ადარებენ თავს პატარა ბიჭებს, რომელთაც ასეთი რამ შეიძლება შეემთხვათ", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გეწაძის საბრალდებო საქმე პირადად მისი შედგენილია, რადგან ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საქმე ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში იყო აღძრული, თუმცა წინა ხელისუფლების მიერ დაკონსერვდა.

"ეს იყო სწორედ შერჩევითი სამართალი. მე კიდევ ვასწორებ ნაციონალური მოძრაობის შერჩევითი სამართლის დამღუპველ შედეგებს და ერთ-ერთ ასეთად მივიჩნიე გეწაძის საქმე", - განაცხადა წულუკიანმა. 

კომენტარები