ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი: ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება კანონის შესაბამისად ხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჩატარებული არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 
კლინტონის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა. სახელმწიფო მდივანმა საქართველოში მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ  მათ მიმართ, ვისაც შესაძლოა დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველაფერი გამჭვირვალედ, შესაბამისი პროცედურების და კანონის დაცვით უნდა გაკეთდეს. კლინტონმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი ქცევა შეეფერება საქართველოს მისწრაფებებს. 
მისივე თქმით, ამერიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს, არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესში, არამედ ყველგან, სადაც ორი ქვეყანა თანამშრომლობს - მათ შორის ავღანეთისა მისიასა და NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში. 
მაია ფანჯიკიძემ სახელმწიფო მდივანს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობით ამაყობს და მისი მხარდაჭერისა და დახმარების იმედი აქვს. 
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ არჩევნებიდან ასე მოკლე პერიოდში მომიწვიეთ. არასოდეს დამავიწყდება თქვენი სატელეფონი ზარი, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ აშშ-სთან ურთიერთობის საკითხების განხილვას. ვამაყობთ, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვისაუბრებთ საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე. იმედი მაქვს, თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენს საკითხებს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა მომავალში გაგრძელდება", - მიმართა ჰილარი კლინტონს მაია ფანჯიკიძემ. 
საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს არჩევნებიდან 5 კვირის შემდეგ ესტუმრა.  თავდაპირველად პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პირველი საგარეო ვიზიტი სწორედ ვაშინგტონში შედგებოდა, მაგრამ შემდგომში გადაიფიქრა და მიზეზად  მოუცლელობა დაასახელა. 

 

 

 

კომენტარები