საქართველო-აშშ

მიხეილ სააკაშვილი ერიკ რუბინს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციით, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინს შეხვდა. 
საუბრისას მხარეები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელებასა და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხნენ. 
შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის დასავლური კურსი კვლავ პრიორიტეტულია და საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებით.  
მხარეებმა ISAF-ის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც ისაუბრეს, ასევე  ჟენევის პროცესის მიმდინარეობაზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.  
მიხეილ სააკაშვილმა და ერიკ რუბინმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების გადაბარების პროცესიც განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერიკ რუბინმა აღნიშნული პროცესები დემოკრატიულად და სამართლიანად შეაფასა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნების შემდგომ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს.

კომენტარები