გაკვეთილები

უცხო ენის გაკვეთილები

ჩვეულებრივ, პოლიტიკურ ლიდერებს ჯერ გაიცნობენ ხოლმე და მერე აირჩევენ. ჩვენთან პირიქით მოხდა. ასე რომ, მათი გაცნობა გზადაგზა გვიწევს. ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ახალი მთავრობის ხელმძღვანელები ზედიზედ შეხვდნენ ევროკავშირის, NATO-სა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერებს. საგარეო-პოლიტიკურმა დებიუტმა ახალ მთავრობას, სულ მცირე, ოთხი გაკვეთილის სწავლისკენ უნდა უბიძგოს. პირველი საერთაშორისო პოლიტიკის ენის დაუფლებაა; მეორე – საშინაო პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკას შორის კავშირის დანახვა; მესამე – რეალობის აღქმის მნიშვნელობის გააზრება; მეოთხე გაკვეთილი კი ახალი პოლიტიკური ეტაპის აუცილებლობას შეეხება.

პირველი გაკვეთილის თემა პოლიტიკური „თანაარსებობის“ შესწავლა იყო, დასავლეთისთვის გასაგებ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ენაზე. საშინაო დავალება კი „был бы человек, а статья найдется“ ენაზე მომზადდა. შედეგად, „არადამაკმაყოფილებელი“ დაგვიწერეს. საქართველოს დაუწერეს, და არა მხოლოდ მთავრობას. „თუ ეს პროცესები პოლიტიკური ოპონენტების დევნად აღიქმება, ან მართლაც დევნაა, ამის ფასს მთელი საქართველო გადაიხდის“, გაგვაფრთხილა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა. ამ ადვილად პროგნოზირებადი შედეგის შესახებ ახალი ლიდერები გუნდის შიგნით არავინ გააფრთხილა ან ეს გაფრთხილება ყურად არ იღეს. გულდასაწყვეტია, რომ რეაქცია დასავლეთის კრიტიკაზე ძალიან ჰგავდა რუსეთის „სუვერენული დემოკრატიის“ აპოლოგეტთა არგუმენტებს. სტილისტურად რეაქციების სპექტრი ფართო იყო, დაწყებული: „ისინი ცუდად არიან ინფორმირებულები“ ან „ნაციონალურმა მოძრაობამ ისინი შეცდომაში შეიყვანა“, დამთავრებული: „ეს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევაა“, და „საკუთარ შეცდომებს ჩვენ გვაბრალებენ“. ერთმა, სულაც, NATO-მ ბოდიში უნდა მოგვიხადოსო, ბრძანა. შინაარსობრივად კი, ამ რეაქციებს საერთო ის აქვთ, რომ ისინი რეალობის უარყოფისა და გაღმა შედავების პრინციპებს ეფუძნება. გავიმეოროთ, რომ ეს ენა დასავლეთში არ ესმით.

მეორე გაკვეთილი: საშინაო ვითარებას პირდაპირი ზეგავლენას აქვს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე. ეს კარგად იციან უკრაინაში. როგორც კი ევროპას ჩამოუყალიბდა წარმოდგენა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს გასამართლება პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტი იყო, ამ ქვეყნის ევროსაინტეგრაციო პროექტები გაიყინა ან დამუხრუჭდა. ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, საქართველოს ახალმა მთავრობამ კი მაინც საკუთარი შეცდომების დაშვება გადაწყვიტა. ევროპის პასუხმაც არ დაყოვნა. საქმეს ვერც „წუხილმა“ უშველა იმის გამო, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპატიმრება „საჭირო გახდა“. ამ ამბავს ისეთი პირი უჩანს, რომ სამწყობრო დისციპლინის დამრღვევი ჯარისკაცების ჰაუპტვახტში ჩასმისთვის ყოფილი მინისტრისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის გასამართლების იურიდიული დასაბუთება გაჭირდება. აქ მივდივართ მესამე გაკვეთილთან: თუ გინდა შეცვალო აღქმა, შეცვალე რეალობა.

ტერმინები „შერჩევითი მართლმსაჯულება“ და „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები“, შესაბამისად, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსა და NATO-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს ეკუთვნით. რას ეფუძნება ეს აღქმა და რა კავშირი აქვს მას რეალობასთან? მათი აღქმა სამ დაკვირვებას ეფუძნება. დაკვირვება პირველი: დევნიან ან ავიწროებენ იმ პიროვნებებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად მთავრობას არ ექვემდებარებიან: ადგილობრივი მმართველობები და თვითმმართველობები, საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ეროვნული ბანკი, უშიშროების საბჭო და გენერალური შტაბი. დაკვირვება მეორე: პრიორიტეტულად იდევნებიან ის ადამიანები (და სტრუქტურები), ვინც ეჭვმიტანილია მმართველის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერის ფინანსური ინტერესების თუ მისი საკუთრების ხელყოფაში. დაკვირვება მესამე: დევნა თუ შევიწროება მრავალმხრივი და კოორდინირებულია; სისხლისსამართლებრივის გარდა, გამოყენებულია ფინანსური, პოლიტიკური და ფიზიკური ზომები, ფინანსური ბერკეტები – საბიუჯეტო დაფინანსების შემცირება და „არაგეგმიური“ შემოწმებები; პოლიტიკური ზეწოლა: სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარა ოპოზიციის მიმართ – „ჩადენილი შესაძლო დანაშაულების“ აღმოჩენის ანონსირება, ოპოზიციის დისკრიმინაციისა და დელეგიტიმაციის მცდელობები, და ფიზიკური მუქარა: საკრებულოებისა და გამგეობების შენობებში შევარდნა მათი ხელმძღვანელების გადადგომის მოთხოვნით.

პოლიტიკაში, ისევე როგორც ბიზნესში, აღქმა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალობა. ზოგჯერ იმასაც კი ამბობენ, რომ აღქმა რეალობაა. მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ მისი ქვეყანა საერთაშორისო მედიის მთავარ თემებში ხვდება დადებითი საინფორმაციო საბაბით, როგორიცაა, მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-იანი ზრდა, ტურისტების რაოდენობის გაოთხმაგება, გაეროს პრიზის მინიჭება საუკეთესო საჯარო მომსახურებისთვის, და არა იმისთვის, თუ დღეს წინა მთავრობის რამდენი მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრე და ხვალ კიდევ რამდენის დაპატიმრებას აპირებ.

დანაშაულის გამოვლენა და დამნაშავის დასჯა კანონის უზენაესობის კონცეფციის ქვაკუთხედია. ამავე დროს, ამ კონცეფციას კიდევ რამდენიმე ქვაკუთხედი აქვს, მათ შორისაა თავისუფლება პოლიტიკური მოტივაციისგან, უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამჭვირვალე პროცედურა. ზემოხსენებული სამი დაკვირვებისა და ბრალდებების დიდი ნაწილის არაადეკვატურობის ფონზე, ქართული თემიდის მიუკერძოებლობა, რბილად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, შინ და გარეთ.

და ბოლოს, ახალი მთავრობის საგარეო-პოლიტიკური დებიუტის მეოთხე და, შესაძლოა, მთავარი გაკვეთილი. ჩვენმა მეგობრებმა ნათლად მიგვანიშნეს, რომ უნდა დასრულდეს მთავრობის მოღვაწეობის პირველი ეტაპი, ე.წ. სანახაობა პურის ნაცვლად, და დაიწყოს გაცილებით მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი ეტაპი, რომელსაც სახელმწიფოს მართვაზე პასუხისმგებლობის აღება ჰქვია. ეკონომიკური ზრდა, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, ენერგეტიკის მდგრადობის შენარჩუნება და სტრატეგიული რეგიონული პროექტების განხორციელება, ქალაქებსა და სოფლებში უსაფრთხოების შენარჩუნება და ქურდული სამყაროს რევანშის არდაშვება, ინვესტიციების მოზიდვის გაგრძელება, კორუფციისა და ინფლაციის დაჭერა დაბალ ნიშნულთან, საპენსიო რეფორმა, განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, უმუშევრობის დაძლევა, სოფლის მეურნეობის განვითარება, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, „თანაარსებობის“ პოლიტიკური კულტურის გათავისება, ევროპული და ევროატლანტიკური საინტეგრაციო პროექტების შედეგიანი გაგრძელება და მრავალი სხვა. სწორედ ამ გზაზე მიღწეული შედეგებით შეფასდება ახალი მთავრობა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. როგორც სახარებაშია ნათქვამი, „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ“.

 

 

კომენტარები