სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი, ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება.
სოზარ სუბარის განცხადებით, პატიმრებს, რომლებმაც საავადმყოფოში არეულობა გამოიწვიეს, სასჯელი დაემატებათ. მინისტრმა ინდიცენტის შედეგად გარდაცვლილი ბადრაგის თანამშრომლის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება აღუთქვა.
,,წინასწარი ინფორმაციით, ჯამბულ ხოშარაული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. პატიმრებს, რომლებსაც კონფლიქტი მოუვიდათ, სასჯელი დაემატებათ. ისინი პასუხს აგებენ კანონის შესაბამისად. დაპირისპირებისას მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმებს და დააზიანეს საავადმყოფოს ქონებაც. ახლა ჩვენი უმთავრესი ამოცანა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგის დამყარებაა და ამას გავაკეთებთ. პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ციხეებში რეჟიმი მოიშალა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ ამ რეჟიმს. ეს იქნება ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი რეჟიმი. ის არ იქნება დამყარებული პატიმართა ღირსების ან სიცოცხლის ხელყოფაზე“, - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის დროს ბადრაგის ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანილ პატიმრებს შორის ჩხუბი მოხდა, ბადრაგის თანამშრომელი კი, ამ დაპირისპირების აღკვეთის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა.