საგარეო ურთიერთობები

მაია ფანჯიკიძე დევიდ ლიდინგტონს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოში ვიზიტად მყოფ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, დევიდ ლიდინგტონს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობასა და სხვა საკითხებს.

"მე ვისურვებდი ძალიან ბევრს, თუმცა ეს სურვილების გამოთქმის ადგილი არ არის. ვიმედოვნებ, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველომ დემოკრატიის გზაზე დაადასტურა ბოლო არჩევნებით და შემდგომ პერიოდში, შესაბამის ასახვას ჰპოვებს NATO-ს შემდგომ რეზოლუციებში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, მან დევიდ ლიდინგტონთან დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, 2014 წლის შემდეგაც მიიღოს მონაწილეობა NATO-ს სამშვიდობო ოპერაციებში.

დევიდ ლიდინგტონი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

კომენტარები