ნატო-საქართველო

ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა დამთავრდა

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც ანდერს ფოგ რასმუსენი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდნენ. ალასანიამ კომისიის წევრებს და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და მათ კითხვებსაც უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

 „დავარწმუნეთ ჩვენი NATO-ელი პარტნიორები, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო სტაბილური, ბევრად უფრო ძლიერი, პროგნოზირებადი და მათთვის სასურველი მოკავშირე გახდა. სხდომაზე ძალიან კონკრეტული საუბარი იყო, თუ რა იყო დემოკრატიის დეფიციტი არჩევნებამდე და დღეს რა აქვს ახალ ხელისუფლებას გასაკეთებელი. გვქონდა ძალიან ღია მსჯელობა მიმდინარე მოვლენებზეც“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სხდომის დასრულების შემდეგ. 

NATO-საქართველოს კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები