ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

კალაძე პროფკავშირებსა და თელასის გაფიცული თანამშრომლების წარმომადგენლებს შეხვდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე პროფკავშირებსა და თელასის  თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა გაფიცულ და მოშიმშილე თანამშრომლებს სთხოვა, შეეწყვიტათ პროტესტი და სამუშაოს დაბრუნებოდნენ. 

კალაძის ინიციატივით შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელშიც როგორც სამინისტროს, ასევე პროფკავშირებისა და თელასის წარმომადგენლები შევიდნენ. 

კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს და სამსახურიდან დათხოვნილი თითოეული ადამიანის საქმეს ინდივიდუალურად შეისწავლის. კომისია იმსჯელებს ბოლო თვეებში გათავისუფლებულ თანამშრომლებზეც. 

კალაძის თქმით, მას ამ თემაზე საუბარი გასულ კვირასაც ჰქონდა ინტერ რაოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას. 

„სამინისტროს თელასის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევის უფლება არ აქვს. სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შეასრულოს მედიატორის როლი კომპანიასა და ყოფილ თანამშრომლებს შორის, რომ საკითხი დროულად და ყველა მხარისათვის დადებითად გადაწყდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები