კახი კალაძე

კახი კალაძე: კომპანიებთან ტარიფების დაწევაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების გადახედვა ბოლოს 2005-2006 წლებში მოხდა, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახი კალაძემ  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 
მისი თქმით, ამის შემდეგ მეტი არაფერი გაკეთებულა და, ამჟამად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიებთან ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით.

კალაძის განმარტებით, სემეკ-ი ტარიფის შეუცვლელობის მთავარ მიზეზად დადებულ ხელშეკრულებებს ასახელებს, რომლებიც ახალი გაფორმებული არ არის. 

"ეს მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა და მის თანახმად, "ინტერ რაოესს" 2025 წლამდე 370 მილიონამდე ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ეს პროცესი დაწყებულია და ეხება გამრიცხველიანებას, არსებული ქსელების რეაბილიტაციას. მათ, ასევე, ჰქონდათ ახალი ჰესების აშენების ვალდებულება, რაც საბოლოოდ ტარიფში აისახებოდა. ამ საკითხებზეც გვექნება საუბარი "ინტერ რაოესის" წარმომადგენლებთან", - განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, "ინტერ რაოს" სამუშაო ჯგუფი თბილისში ხვალ ჩამოვა, ხოლო სამუშაო შეხვედრები ოთხშაბათიდან დაიწყება.

კომენტარები