დაკავებები

თენგიზ გუნავას ადვოკატი ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს .

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ონიანმა განუცხადა, გუნავას საქმეში არსებობს მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, რომელთა გამოძიების მოთხოვნითაც ისინი მთავარ პროკურატურას მიმართავენ.

მისი განმარტებით, თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა 16 ნოემბერს, ღამის 02:00 საათზე სადარბაზოსთან ისე დააკავეს, რომ არც თავისი უფლებები განუმარტეს და არც ადვოკატთან და მეგობრებთან დაკავშირების უფლება მისცეს. თავზე ნიღაბი ჩამოაცვეს და პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ადვოკატის მტკიცებით, დაკავების დროს გუნავას ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი ჩაუდეს. პოლიციის სამმართველოში მას  ერთი ჭიქა წყლის დალევა მოსთხოვეს. წყლის დალევაზე უარის მიღების შემდეგ, გუნავას ინექციის გაკეთებით დაემუქრნენ. ამის შემდეგ, მან წყალი დალია.

„დაკავების ოქმში დაფიქსირებული არაფერია, რადგან მან ოქმს ხელი არ მოაწერა“, - აღნიშნა გიორგი ონიანმა.

ის გუნავას დაკავებას ბაჩო ახალაიასთან მის მეგობრობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნარკოტიკების და იარაღის შეძენა-შენახვისთვის წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა. მისივე ინფორმაციით, ორშაბათს მთავარ პროკურატურას მიმართავენ მოთხოვნით, მოხდეს იმ პირთა ქმედების შესწავლა, რომლებმაც გუნავას იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო პროცესზე დააყენებენ შუამდგომლობას გუნავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდების თაობაზე.

კომენტარები