დაკავებები

ვანო მერაბიშვილი: ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების არ გვეშინია

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შოთა ხიზანიშვილის დაკავება პირადად მის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ხიზანიშვილი მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობის ცხრა წლის განმავლობაში მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო. ცოტა ხნის წინ ის თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა.

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების მის პარტიას არ ეშინია. „ნუ ექნება იმედი ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შიშს ან შეშფოთებას შემოიტანს ჩვენს რიგებში, პირიქით, ჩვენ ეს უფრო გაგვაძლიერებს,“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.

შოთა ხიზანიშვილი პროკურატურამ 15 ნოემბერს დააკავა საქმეზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია ქართული ოცნებიდან პოლიტიკური ოპონენტების უკანონო მოსმენებს უკავშირდება. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატება ედება ბრალად.

ვანო მერაბიშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას დაკავებასაც გამოეხმაურა. გუნავა ნარკოტიკების შენახვისთვის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „სრულიად სასაცილოა“ გუნავას ნარკოტიკებთან დაკავშირებით დადანაშაულება. მერაბიშვილის თქმით, გუნავა სამეგრელოში ნარკოტიკების მოსპობის სიმბოლოა.

„არ დავიშურებთ ენერგიას, დროს, არცერთ რესურსს, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ და საზოგადოებას დავანახოთ რა საშიშ ტენდენციასთან გვაქვს ჩვენ საქმე“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა ახალ მთავრობას პოლიტიკურად მოტივირებულ დაჭერებში ადანაშაულებს. ახალი ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენას ემსახურება.

კომენტარები