ვიზიტი

ფილიპ გორდონი დავით უსუფაშვილს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - რიჩარდ ნორლანდი და პარლამენტის საგარეო ურთიერობათა კომიტეტის თავმჯდომარე - თედო ჯაფარიძე.

„მოხარული ვარ, რომ რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში, თუმცა მაინც ხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპ გორდონმა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ფილიპ გორდონი საპრეზიდენტო ინსტიტუტისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის მქონე მთავრობის თანაარსებობით დაინტერესდა,

„აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ყველა თანამდებობის პირმა საკუთარი მოვალეობა შეასრულოს. ჩვენ შორის პოლიტიკური განსხვავებები არ ამოიწურება და არც მინდა ამოიწუროს, რადგან ქვეყანაში საჭიროა მრავალპარტიულობა, მაგრამ ვიდრე კონკრეტულ პირებს ესა თუ ის თანამდებობა უკავიათ, მათ უნდა განახორციელონ ამ თანამდებობის შესაფერისი ქმედება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებეთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 

კომენტარები